რისთვის სჯის რუსეთი კორონავირუსით შეპყრობილ აფხაზეთს

21-07-2021 21:09:30 კონფლიქტები

კორონავირუსმა აფხაზური ჯანდაცვის სისტემა მუხლზე დააჩოქა. ეს თავად მედიკოსებისა და მაღალი რანგის ჩინოსნების საჯარო განცხადებების გარეშეც ნათელია. კოვიდ-ცენტრებში სტაციონარულ მკურნალობაზე 317 პაციენტი იმყოფება. ადამიანები ვირუსისგან ყოველდღიურად იღუპებიან, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა მოკლე პერიოდში 277-მდე გაიზარდა.

აფხაზეთის ყველა კოვიდ-ცენტრი ასივე პროცენტითაა გადატვირთული. ყოველდღიურად იქ მთელი აფხაზეთიდან 50-ზე მეტი ინფიცირებული გადაჰყავთ, თავისუფალი ადგილები კი აღარ არის. რამდენიმე კვირაა, წარმოიშვა მედიკოსებისა და სამედიცინო პრეპარატების დეფიციტიც. კლინიკებში საწოლებიც კი აღარაა, რის გამოც პაციენტებს ვეღარ აწვენენ. ათობით ადამიანი ყოველდღიურად სამკურნალოდ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გაჰყავთ: ტურისტები — რუსეთში, დანარჩენები - საქართველოში.

ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ პარლამენტის დეპუტატებს ამ დღეებში საგანგებო სხდომის ჩატარება და როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის რეალობის გამხელა სურდათ. სესიის ნაცვლად ხმაურიანი სკანდალი მივიღეთ, რომელიც რიგმა პროსახელისუფლებო დეპუტატებმა ხალხს პოლიტიკურ პროვოკაციად წარუდგინეს. მთელი საქმე კი იმაშია, რომ დეპუტატების ნაწილმა სესიაზე აფხაზური მედიცინისთვის რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემების გაჟღერება განიზრახა. აქ რესპუბლიკაში რუსეთიდან არა მარტო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო პრეპარატების, არამედ ვაქცინის შეტანაზე უარიც იგულისხმება. დეპუტატებს სურდათ, გაემხილათ ისიც, რომ რუსებს აფხაზეთიდან მოქალაქეების საკურნალოდ მიღებაც კი არ სურთ და თავის კლინიკებში მხოლოდ რუსი ტურისტები გადაჰყავთ.

«საავადმყოფოები გადაჭედილია და პაციენტებს ვეღარ ვიღებთ. კოვიდის გავრცელების კუთხით ვითარება უკვე საშიშ ხასიათს იძენს. და ეს ყველაფერი — იმის გამო, რომ აუცილებელი ზომები დროულად არ იქნა მიღებული», - განაცხადა დეპუტატმა გარი კოკაიამ.

«არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან ტურიზმი, ან მოსახლეობის ჯანმრთელობა», - განაცხადა მისმა კოლეგამ ალხას ჯინჯოლიამ და დეპუტატებს არაოფიციალური ინფორმაცია გააცნო იმის შესახებ, რომ რუსეთმა აფხაზეთს ვაქცინა «Sputnik V»-ის მორიგი პარტიის გამოყოფაზეც უარი განუცხადა (ვაქცინაციის პირველი ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა).

დეპუტატებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, საკითხის გადაჭრის ალტერნატიული გზები იპოვოს და ერთ-ერთ ვარიანტად საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დახმარების თხოვნა შესთავაზეს.

«ხალხი წამლებს ითხოვს, ძვირი პრეპარატების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს, ხელისუფლება კი გვინტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა. მაინც სადაა კარგად? ჩვენ რა, სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ?!», - აღშფოთდა დეპუტატი ნატალი სმირი.

კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება აფხაზეთში მართლაც კრიტიკულია. ექიმების რაოდენობა აღარ კმარა, ავადმყოფებს საათობით უწევთ დახმარების ლოდინი, ის კი არა და არ მოდის და არც იმის გარანტია აქვს ვინმეს, რომ სამედიცინო დახმარებას სრულად მიიღებს. რუსეთმა აფხაზეთს მედიკოსების დამატებითი ბრიგადების გამოყოფის თხოვნაზე უარი განუცხადა. არადა, ყველას გვახსოვს, რომ პანდემიის დასაწყისში, როცა რესპუბლიკაში ჯამში 100-მდე ადამიანი იყო ინფიცირებული, რუსეთის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებიდან რეანიმატოლოგები, ინფექციონისტები და თერაპევტები გამოგვიგზავნეს. მეტიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ სოხუმში მობილური ჰოსპიტალიც მოაწყო. ახლა კი, როცა ვითარება კრიტიკულია და აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 3,5 ათასს გასცდა, მოსკოვმა დახმარება არ ისურვა.

«ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობით ახალ-ახალ რეკორდებს ვხსნით. ქვეყანაში ძალზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და უცებ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინით მომარაგებაზე უარი გვითხრეს! თუ ეს სიმართლეა, ბრავო ჩვენს მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს!», - წერს თავის Facebook-გვერდზე ინტერნეტ-მომხმარებელი ესმა არშბა.

მას სხვებმაც აუბეს მხარი და რუსეთი აფხაზეთის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

როგორც არ უნდა უარყოფდეს ხელისუფლება აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დღითიდღე გაუარესებას, პრობლემების არშემჩნევა უკვე შეუძლებელია. როგორც აღმოჩნდა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გასული თვეების განმავლობაში რუსეთის მთავრობას ვაქცინის მიწოდების თხოვნით ათობით წერილი მისწერა, თანაც არა უსასყიდლოდ გამოყოფას, არამედ ყიდვას ითხოვდა, თუმცა მოსკოვიდან პასუხი არც ერთ მიმართვაზე არ მიუღია. და საუბრები იმაზე, რომ რუსულ ვაქცინას აფხაზეთში უკვე მიმდინარე თვის ბოლოს ჩაიტანდნენ, სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა სიცრუე გადასარჩენად. ახალ-ახალი ვადების დასახელებით აფხაზეთის ხელისუფლება მწარე სიმართლის დამალვასა და პანიკის თავიდან აცილებას ლამობდა.

თავის დროზე, როდესაც რიგმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთს უცხოური ვაქცინების უფასოდ მიწოდება შესთავაზეს, სოხუმმა ამ დახმარებაზე უარი თქვა. ახლა მას აღარ სთავაზობენ და რომც შესთავაზონ, რუსები საზღვარზე მიწოდებებს დაბლოკავენ და აფხაზეთის მოსახლეობა პირისპირ დარჩება იმ სენის წინაშე, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება.

სოცქსელების მთელი აფხაზური სეგმენტი აჭრელებულია დახმარების თხოვნებით. ადამიანები კორონავირუსის სამკურნალოდ უმთავრესად ორი სახის წამლებს ეძებენ, რომლებიც არა მარტო აფხაზეთში, რუსეთშიც არაა გაყიდვაში. ისინი, ვინც ახლობლების დახმარებით მაინც ახერხებს ამ პრეპარატების უცხოეთში შეძენას, იძულებულები არიან, ერთ შეკვრაში 180-200 ათასი რუბლი იხადონ.

«აი, ასე ვცხოვრობთ. პენსიებს არ გვაძლევენ, ხელფასები იგვიანებს. ფასები გაორმაგდა და არა მარტო პროდუქტის, არამედ წამლებისაც. ყველაფერთან ერთად, ახლა აღარც რუსეთში გვიშვებენ სერტიფიკატისა და აცრის გარეშე. აი, ასე ვუყვარვართ სტრატეგიულ პარტნიორს, უფროს ძმასა და მეზობელს. ჰოდა, როგორც იტყვიან, უკომენტაროდ», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე ამრა.

და მართლაც, რუსეთი აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ ვაქცინაციის სრული კურსის გავლის შესახებ გაცემულ სერტიფიკატებს არ სცნობს. აფხაზეთის ხელისუფლების არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოსკოვი არ რეაგირებს.

რიგი სპეციალისტების, მათ შორის პოლიტოლოგების აზრით, შექმნილი ვითარება სოხუმის მიერ მოსკოვის მხრიდან დასახული პირველხარისხოვანი ამოცანების არშესრულებას უკავშირდება. ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, მიზეზი პრობლემებისა, რომელიც აფხაზეთს ბოლო დროს შეექმნა, იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაციის შესახებ მოსკოვის მოთხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია, ენერგოსექტორის რუსებისთვის მიყიდვის მოთხოვნის მსგავსად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების რუსი «ინვერსტორების» მიერ პრივატიზებაზე კი კვლავინდებურად ვრცელდება საკანონმდებლო შეზღუდვები და აფხაზებს რუსეთისთვის აიბღისა და ბიჭვინთის გადაცემა არ სურთ.

«აიბღა მოგვეცით, ბიჭვინთა მოგვეცით 200 ჰექტარი საუკეთესო მიწითურთ, ის მოგვეცით, ეს მოგვეცით… ეს რა, ნორმალურია??», - წერს Facebook-ში ინტერნეტ-მომხმარებელი თენგო დბარი. და ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს აფხაზეთის მკვიდრთა განწყობას რუსეთის მიმართ.

ამასობაში კი აფხაზეთში კორონავირუსი მძვინვარებს, არ ინდობს აღარც ახალგაზრდებს, აღარც ბავშვებს. ბევრი ტურისტი აფხაზეთში ინფიცირებული ჩადის, ხელისუფლება კი თავს იკავებს, მათთვის PCR-ტესტირების პასუხის სავალდებულო წარდგენა დააწესოს, თან ჩასულებს უფასოდ მკურნალობს.

თავად აფხაზეთის მოსახლეობა ამ დროს დახმარებისთვის საქართველოს მიმართავს, რომელიც, საკუთარი რთული ვითარების მიუხედავად, უფასოდ აგრძელებს აფხაზეთის მოსახლეობის გადარჩენას — უხმოდ, შანტაჟის, პოლიტიკის, თავმოწონების გარეშე.

კრისტინა ავიძბა

________________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები