მოსკოვმა დასავლეთს ცხინვალისა და სოხუმის "დამოუკიდებლობის" გაწვევისკენ მოწოდებაზე უარით უპასუხა

05-08-2021 13:41:03 კონფლიქტები

რუსეთი დასავლეთს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" უკან გაწვევის მოწოდებაზე უარით პასუხობს.

როგორც დღეს სენატორმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, "სანაცვლოდ დასავლეთმა კოსოვოს აღიარება უნდა გაიწვიოს". "სხვა შემთხვევაში ეს გამოიყურება არა როგორც პრინციპი, არამედ როგორც საქართველოს სახით გეოპოლიტიკური კლიენტის დაცვა. არ გამოვა!" - დაწერა "ტვიტერში" პუშკოვმა. დასავლეთის მოწოდება "არ ღირს იმაზე ძვირი, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ის დაწერეს" - განუცხადა "РИА Новости"-ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა. "ცხადია, რუსეთი ამას არ გააკეთებს", - დასძინა მან.

«პირველი, რაც თვალში გხვდება ადამიანს, ამ მოწოდების ხელმომწერთა სიმწირეა. ეს ნიშნავს, რომ ესოდენ ოდიოზური პოზიციის ქვეშ არ ისურვა ხელმოწერის დატოვება ამ ქვეყნების ძალიან ბევრმა მოკავშირემ ნატო-სა და ევროკავშირში, რომელიც საქართველოს მხოლოდ სიტყვიერად უჭერს მხარს" - განაცხადა RT-სთან საუბრისას რუსეთი ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა და დასავლეთის მიმართვას "მოწოდება არსაით" უწოდა, რომელსაც "არავითარი დამატებითი ფასეულობა არ გააჩნია".

"ისინი [დასავლეთი - რედ.] პროვოკატორები არიან, რომელთაც არ სურთ მშვიდობის დამყარება რეგიონში. მაგრამ საკითხი ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყდა, როცა საქართველოს ხელისუფლების უხეში შეცდომების, მისი აგრესიის შედეგად ეს რესპუბლიკები იძულებულები გახდნენ, საკუთარი გზით წასულიყვნენ. მათ გააჩნიათ სახელმწიფოებრიობის სრული უფლება!", - განუცხადა "РИА Новости"-ს სენატორმა ანექსირებული ყირიმიდან სერგეი ცეკოვმა. მან მიმართა დასავლეთს, "საკუთარ "თვალს" შეხედოს": "თქვენ იქ კოსოვო გაქვთ, რომელიც ყოველგვარი რეფერენდუმების გარეშე აღიარეთ და მაშინ ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე მიუთითებდით. ეს უფლება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებსაც გააჩნიათ, ასე, რომ რუსეთი მათი დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არასოდეს გაიწვევს!".

ოდიოზური მწერალი და პოლიტიკოსი ზახარ პრილეპინი კი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ "რუსეთმა უფრო გაბედულად უნდა დაიცვას პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესები, სხვა შემთხვევაში დასავლეთის ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება". «ყველა ამ ტერიტორიასთან მიმართებაში, დნესტრისპირეთის, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების, თუნდაც არცახის [ყარაბაღის სეპარატისტული სახელწოდება - რედ.] ჩათვლით, იგივე უნდა გაკეთდეს, რაც ყირიმთან მიმართებაში. ვაღიაროთ და მივიერთოთ. თან წარწერა გავაკეთოთ: თემა ამოწურულია. და ამასაც ძალიან მალე შეეგუებიან [იგულისხმება დასავლეთი - რედ.]» - დაწერა მან საკუთარ Telegram-არხში. პრილეპინის მტკიცებით, დასავლეთი ყირიმის თემას "წინა პლანზე აღარ აყენებს": «ყირიმს უკვე შეეგუვნენ. ბაიდენს პუტინთან ამასწინანდელ შეხვედრაზე სიტყვა "ყირიმი" საერთოდ არ გამოუყენებია. იქ, სადაც თავად ვხსნით თემას, მას აღარც არავინ აყენებს, ხოლო სადაც ვყოყმანობთ, ხელებს გვიგრეხენ და ასე აპირებენ გაგრძელებას სამომავლოდაც».

თავის მხრივ, პრეზიდენტმა პუტინმა 4 აგვისტოს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავებული. შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მეორე მხარის მოქალაქეობა შეიძინონ".

მე-5 მუხლის მიხედვით, "ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გაწვევის დროისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან და მეორე მხარის მიერ სამხედრო სამსახურის მეორედ გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან".

  • ცნობისთვის: აფხაზეთმა რუსეთთან ორმაგი "მოქალაქეობა" საკანონმდებლო დონეზე ცალმხრივად ჯერ კიდევ 2002 წლის ნოემბერში დააწესა. თუმცა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ამ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაფორმების პროცესი შესაბამისი "სახელმწიფოთაშორისი" შეთანხმების გაფორმებამდე შეწყდა.

დღეს, 5 აგვისტოს პუტინის გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება წარმოადგენს მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე კი დღეს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიისა, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის (საბჭოს მომავალი წევრის რანგში) წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

  • "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ფედერაციის მიერ კვლავ ირღვევა. ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო წარმოდგენილობასა და მის მიერ კონტროლის განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე – საქართველოს შემადგენელ ნაწილზე. ამასთან, ვგმობთ რუსეთის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ამ ქართული რეგიონების ანექსიისკენ. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
  • ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, გრძელდება. ეს ქმედებებია: გაძლიერებული სამხედრო წარმოდგენილობა და სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, გააქტიურებული "ბორდერიზაციის" პროცესი, თვითნებური დაკავებები, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ხანგრძლივი დახურვა, გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა. გამოვდივართ მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულნი.
  • გვსურს, აღვნიშნოთ "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს" მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთზე, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველებისათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების ხელის შეშლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე გამოძიების ჩატარების განუხორციელებლობაზე.
  • ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, იმ ფაქტით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმის შეუზღუდავი წვდომა ვერ ხორციელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთზე. გამოვდივართ მოწოდებით, რომ შეუზღუდავი წვდომა მიენიჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის პირობები უნდა შეიქმნას.
  • ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გალში IPRM–ის შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხების გარეშე.
  • ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები