გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვით განათლების სამინისტრო შეშფოთებულია

16-09-2021 14:28:13 კონფლიქტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. ამის შესახებ საუბარია სამინისტროს მიერ გავრცეელბულ განცხადებაში.

„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად“,- აცხადებენ სამინისტროში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა. არსებული ინფორმაციით, რუსულ ენაზე სწავლება გალის რაიონში ეტაპობრივად დაინერგა და დარჩენილი იყო მხოლოდ მე-11 კლასი, რომელსაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა. მედიის თანახმად, ქართული ენა და ლიტერატურა გალის რაიონის სკოლებში უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები