საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სამი პირიდან ერთი გაათავისუფლეს, იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი

05-10-2021 16:13:10 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები", - განაცხადა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.

როგორც ოსური უშიშროება იუწყება, საქართველოს მოქალაქემ დაკავებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც 10-12მ. სიმაღლის ხევში გადაიჩეხა და დაშავდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს, 1 გაექცათ, 1 კი ხევში გადავარდა:

"გუშინ მოხდა ჩვენი მოქალაქეების გატაცება. ამ წუთისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაკვეთეს ოკუპაციის ხაზი და იქ მოხდა მათი დაკავება. ერთ-ერთი მათგანი გამოიქცა, მეორე დაშავდა. ორი დარჩენილი მოქალაქე ჯერ კიდევ ცხინვალშია".

შეგახსენებთ, რომ მანამდე სუს–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს:

„უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით. ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოებოს გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები