ბიბილოვი: "სამხრეთ ოსეთისკენ მიმართული მთელი ნეგატივის 36% საქართველოდან მოდის"

29-10-2021 14:55:30 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ვარაუდობს, რომ "საქართველო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება".

«უახლოეს ხანებში საქმე გაგიორმაგდებათ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც ინტერესდებიან და რაღა თქმა უნდა, იქნება გარკვეული ზეგავლენა იმ ღონისძიებებზე, რომელიც აქ განცორციელდება. ბუნებრივია, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს», – განაცხადა ბიბილოვმა დე ფაქტო საგარეო დაზვერვის სამსახურის სხდომაზე.

მისივე მტკიცებით, "უკვე დღეს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგების თანახმად, სამხრეთ ოსეთისკენ მომავალი მთელი ნეგატივის 36% საქართველოდან მოდის».

«ის, რომ ისინი [სოცქსელების - რედ.] ოსურ სეგმენტში აქტიურობენ, აღარავისში იწვევს ეჭვებს. ეს ჩანს და ნათელია. აქ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მათ ჰყვებათ და თქვენი - საგარეო დაზვერვის სამსახურის ამოცანაა, მინიმუმამდე შეამციროთ პოლიტიკურ პროცესებზე ეს მავნე ზეგავლენები, რომლებიც შეიძლება, საქართველოს და სხვა არაკეთილმოსურნე ქვეყნების მხრიდან მოდიოდეს», – დასძინა ბიბილოვმა.

ცნობისთვის: ბიბილოვს "საპრეზიდენტო" უფლებამოსილების ვადა 2022 წლის გაზაფხულზე ეწურება. მან უკვე განაცხადა, რომ მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები