ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიის პარლამენტის დეპუტატებს ხვდება

25-11-2021 15:19:14 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიის პარლამენტის დეპუტატებს ხვდება, - იუწყება ოსური მედია.

დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომში ვიზიტის ფარგლებში მედოევი უკვე შეხვდა იტალიელ დეპუტატს პარტია «ალტერნატივადან», კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ პინო კაბრასსა და დეპუტატს პარტია "ლიგიდან", იმავე კომიტეტის წევრ ვიტო კომენჩინის.

"შეხვედრებზე პარტიათაშორისი და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების პერსპექტივები, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სხვადასხვა ორმხრივი პროექტების, საექსპერტო შეხვედრებისა და კონფერენციების გამართვის პერსპექტივები იქნა განხილული. როგორც დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, სახმრეთ ოსეთი ისწრაფვის თავისი საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და მეგობრული, თანასწორი პარტნიორული საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისაკენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან», – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

მედოევის განცხადებით, "იტალიის პარლამენტის დეპუტატებს უფლება აქვთ, იცოდნენ სამხრეთ ოსეთის პოზიცია მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მიუხედავად ქართულ-ამერიკული პროპაგანდისა, რომელიც ბერავს მითს ოს ხალხთან მშვიდობისა და ძმური ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილის თაობაზე, რეალურად კი, მუდმივად ბლოკავს ინფორმაციას სამხრეთ ოსეთიდან და რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო პლატფორმებში».

იტალიურ პარლამენტში შეხვედრების ორგანიზატორი გახლდათ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი" მაურო მურჯია.

ოფიციალურ თბილისს ადრე უკვე არაერთხელ განუცხადებია, რომ ცხინვალის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნებში თვითმარქვიებს ნიშნავს ე.წ. ელჩებისა და ოფიციალური წარმომადგენლების სახით, რომლებიც რეალურად, "რუსული სპეცსამსახურების საქართველოსა და ევროპული ქვეყნებისთვის დესტრუქციულ მიზნებს ემსახურებიან».

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მედოევი უკვე სტუმრობდა იტალიას ადგილობრივი კომუნისტების მიწვევით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები