აფხაზეთი - დიდი ქაოსის ზღვარზე: "გვიჯობს, ქართველებს მოველაპარაკოთ, ვიდრე უკვალოდ ჩავიკარგოთ რუსებში»

21-12-2021 17:58:22 კონფლიქტები

აფხაზეთი დიდი ქაოსოს, სამოქალაქო ომის ზღვარზეა, მიზეზი კი გავლენის სფეროებისა და "დიდ" რუსულ ფულზე წვდომისთვის ბრძოლაა... სწორედ ამგვარად ცდილობენ სადღეისოდ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების მიზეზების წარმოჩენას, თუმცა ამას რეალობასთან საერთოდ არაფერი აქვს.

ახალი პროტესტი, რომელიც ამჯერად შესაძლოა, "საყოველთაო სახალხო შეკრებაში" გადაიზარდოს, საკმაოდ სწრაფად მომწიფდა. მიზეზი ბოლო თვეების განმავლობაში საკმარისზე მეტი იყო. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე ფაქტს.

განგაშის პირველი ზარი აფხაზური საზოგადოებისთვის მაშინ გაისმა, როცა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უძრავი ქონების უცხოელებისთვის, კერძოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის შესაძლო დაშვების შესახებ განაცხადა. აფხაზეთის მოქალაქეები აღშფოთდნენ, თუმცა პრეზიდენტმა ტემპი არ დააგდო — და მალევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთისთვის სუვერენიტეტის განაწილების აუცილებლობის შესახებ გააკეთა განცხადება. ამ ორს შორის იყო რიგი სხვა მოვლენებიც, რომლებიც, კერძოდ, ელექტროენერგეტიკას, სოხუმის აეროპორტს, ე.წ. საგზაო რუკას ეხებოდა და ნათლად მიანიშნებდა აფხაზ ხალხს იმაზე, რომ ასლან ბჟანია მზადაა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობა დათმოს.

«ჩვენმა ხალხმა გადაიტანა ყინვა, შიმშილი, რუსული ბლოკადა - და მუხლებზე არ დამდგარა. ასე თუ ისე, გავუძელით ზეწოლას და წლების შემდეგ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაც მივიღეთ. ახლა კი, როცა საჭიროა ქვეყნის შენება, ომის დროს დანგრეულის აღდგენა, სამუშაო ადგილების შექმნა, კვლავ ვბრუნდებით ომისშემდგომ წლებში. სანამ XXI საუკუნეში აფხაზეთის მოსახლეობა უშუქოდ, უწყლოდ, ისედაც მწირი პენსიებისა და ხელფასების გარეშე ცდილობს გადარჩენას, ჩვენი სამშობლო კრემლის მაღალ კაბინეტებში სავაჭროდაა გატანილი! თუ ეს სამშობლოს ღალატი არაა, რა ჰქვია მაშინ?! გვსურს, განვაგრძოთ იმით "ტკბობა", როგორ ევაჭრებიან ჩვენი პრეზიდენტი და მისი ამალა ხალხის აზრის უგულებელყოფით, მხოლოდ პირადი მოგებისთვის კრემლს?», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ემა.

ჩვენი თანამოსაუბრეების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანიას დღეს შემთხვევით არ დაუწყია მსჯელობა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიც აფხაზეთის სუვერენიტეტია. ყველა ეს თემა, უპირველესად, მუხლებზე აყენებს აფხაზ ხალხს, რომელიც სურთ, სამშობლოს მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლების გარეშე დატოვონ.

«ვითომ რასთან დაკავშირებით წამოიწყო ასლან ბჟანიამ მოულოდნელად აფხაზეთისთვის ესოდენ საბედისწერო საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტა? ეს მას უდავოდ, მოსკოვიდან უბრძანეს. გამოდის, აწი რუსები გადაგვიწყვეტენ, როგორ ვიცხოვროთ, რა ენაზე ვიმეტყველოთ, ვისზე და რაზე რა ჭრილში ვიფიქროთ?!», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი ახრა.

«თუ რუსებს აფხაზი ხალხის აზრი აინტერესებთ, რატომ არ შესთავაზეს ასლან ბჟანიას რეფერენდუმის ჩატარება?! მე გეტყვით, რატომაც: მოსკოვს ამის ცეცხლივით ეშინია, რადგან კენჭისყრის შედეგში დარწმუნებული სულაც არაა. დიახ, ქართველებთან ომი გვქონდა. დიახ, რუსები თითქოს დაგვეხმარნენ ამ ომის მოგებაში. მაგრამ დღეს რომ დადგეს დღის წესრიგში საკითხი, ვისთან ერთად ხედავს აფხაზი ხალხი თავის მომავალს, დიდი ეჭვი მეპარება, ხალხმა რუსეთი აირჩიოს. პირადად ჩემთვის, გვიჯობს, ქართველებს მოველაპარაკოთ, ვიდრე უკვალოდ ჩავიკარგოთ რუსებში», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი რუსლანი.

ვითარება აფხაზეთში მართლაც კრიტიკულია. ერთის მხრივ, ხალხს უპირისპირდება ხელისუფლება, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს იმაზე ზრუნვაში, როგორ გაყიდოს სამშობლო მაქსიმალურად სარფიანად. მეორე მხარესაა ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი თავის დროზე ხელისუფლებაში უკვე იყო და აფხაზეთის განვითარებისთვის დიდად ასევე არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ერთთა წასვლითა და მეორეთა მოსვლით დიდად ვერაფერი გამოსწორდება. მაგრამ მცირე იმედი იმისა, რომ მეორენი რუსებს თავს მთლად უბრძოლველად არ დაუხრიან, მაინც არსებობს.

არსებობს ასევე მოსაზრება, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკური ვითარება ხელოვნურად იძაბება. მესამე პირები ძალიან ცდილობენ, აფხაზეთში გამოუსწორებელი რამ მოხდეს. ასე უფრო მარტივი იქნება ხალხის დამორჩილება და მისთვის არსებობის უმკაცრესი პირობების შექმნა. ვის აძლევს ხელს მსგავსი სცენარი? - ამის მისახვედრად უნდა გავაანალიზოთ ბოლო დღეების იმ მოვლენათა ჯაჭვი, რომლებიც საზოგადოებას შესაძლოა, მხედველობიდან გამორჩა.

რუსეთმა აფხაზეთიდან ელჩი სასწრაფოდ გაიწვია. ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა პრეზიდენტი ასლან ბჟანია პარლამენტის წევრებს უნდა შეჰხვედროდა, თუმცა საბოლოოდ დეპუტატების მხოლოდ მცირე ნაწილს - თავის მომხრეებს შეხვდა. მალევე გაწვეულ იქნა აფხაზეთის ელჩი რუსეთიდან. და ეს ყველაფერი - მოსახლეობისთვის მიზეზების ყოველგვარი განმარტების გარეშე. აფხაზეთის საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ, როგორც ჩანს, არ იცის, რა მოიმოქმედოს - და რჩევებისთვის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს მიმართავს. მათი შეხვედრა სოჭში ჩატარდა. მოგვიანებით, ლავროვთან ხანმოკლე შეხვედრაზე განხილული საკითხებისა და შედეგების შესაჯამებლად არძინბამ მედიას ვრცელი კომენტარი მისცა: «გაიმართა დიალოგი თემების ფართო სპექტრზე – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, კულტურის, ტურიზმის თემებზე. უპირველესად, განვიხილეთ სიტუაცია რეგიონში, შავ ზღვაში, ვიმსჯელეთ რეგულარულ წვრთნებზე, რომლებიც ნატო-ს ინიციატივით საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით იმართება. ეს არის სისტემური სწავლებები, რომლებიც მუდმივად ტარდება. პლუს ამას - საქართველოს მილიტარიზაციის საკითხები. შეხვედრაზე საუბარი რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან აფხაზეთის ურთერთქმედების გაღრმავებასაც შეეხოო».

მხოლოდ მე მეჩვენება სიტუაცია აბსურდულად?! რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კულტურას, ტურიზმსა და რეგიონებს შორის ურთიერთქმედებას განიხილავენ? როდის მერე შევიდა ეს საკითხები მთავარი დიპლომატების უფლებამოსილებებში?! როგორც ჩანს, დიპლომატიური საქმიანობის არავითარი გამოცდილების არმქონე ინალ არძინბამ, ვერ გაამხელდა რა საჯაროდ მოლაპარაკებების რეალურ თემებს, მედიას ადრე დაზეპირებული ფრაზები მიაწოდა.

«ჩვენი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მწირი პოტენციალის შესახებ აფხაზეთში ყველამ ვიცით. ინალ არძინბა ლავროვთან მოლაპარაკებებზე მაღალი ალბათობით, უმთავრესად დუმდა, შიგადაშიგ თანხმობის ნიშნად თავის მდუმარე დახრით. პრინციპში, მისი აზრი ვერც იქნებოდა საინტერესო ლავროვისთვის. როგორც ჩანს, საერთაშორისო რანგის რუსმა დიპლომატმა ინსტრუქტაჟი ჩაუტარა ინალ არძინბას და კრემლის რიგი მნიშვნელოვანი დავალებები გადასცა. ჩვენ კი - რიგით მოქალაქეებს ეს "საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებად" მოგვასაღეს. აი ასე, ბანალურად მარტივადაა საქმე», - თვლის ჩვენი რესპონდენტი მარია.

დავუბრუნდეთ მესამე პირებს, რომელთაც განუკითხაობა აფხაზეთში მხოლოდ ხელს აძლევთ. ახლა არაერთი მკითხველი იტყვის, სხვები რა შუაში არიან, თუ თავად აფხაზებმა მიიყვანეს რესპუბლიკა ამ მდგომარეობამდეო? და ამას დავეთანხმები, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. აფხაზმა ხალხმა, დაუშვა რა რიგი მნიშვნელოვანი შეცდომები, მართლაც მოიყვანა კრიტიკული ვითარება დღევანდელობამდე. ხალხს მართლაც არ უფიქრია, რომ რუსეთის დახმარება და უფასო ყველი სათაგურში მას სამშობლოს გარეშე დარჩენის საფრთხეს შეუქმნიდა. და მაინც, აფხაზ ხალხს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და მომავალი! ამ პროცესებში კი ცხვირს ყოფენ ისინი, ვისთვისაც ეს საკითხები უმნიშვნელოა, ისინი, ვისთვისაც საკუთარი ნაპოლეონისეული გეგმები უფრო მაღლა დგას სიკვდილ-სიცოცხლეზეც კი და მით უფრო პატარა აფხაზეთის მომავალზე.

«თუ სწორად მესმის, ჩვენი უმაღლესი ხელისუფლება "დილეტანტის" მდგომარეობამდე დაეცა. ეს უკვე შესამჩნევია და ისმის კიდეც. დადგა დრო, მიმოვიხედოთ: იქნებ ცხვირწინ გვაქვს სხვების საბედისწერო შეცდომების მაგალითები? დროა, მეგობრებო, სწორედ ახლაა დრო!», - წერს თავის Facebook-გვერდზე პოლიტოლოგი თენგიზ ჯოპუა.

და ეს პოსტი საუკეთესოდ მეტყველებს კვლავ კრახის ზღურბლზე აღმოჩენილი აფხაზური საზოგადოების გრძნობებსა და სურვილებზე. სწორედ ახლა მოუწევს აფხაზ ხალხს საბედისწერო არჩევანის გაკეთება: ნებაყოფლობით იქცეს კრასნოდარის მხარის ნაწილად, თუ მიმოიხედოს და იპოვოს სხვა - უფრო სანდო და ერთგული მოკავშირე?

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები