რაში იპოვეს სოხუმმა და თბილისმა საერთო ენა

01-07-2022 18:38:00 კონფლიქტები ,პოლიტიკა

ბოლო დროს სულ უფრო მკაფიოდ მიყალიბდება შთაბეჭდილება, რომ როგორც სოხუმში, ისე თბილისშიც მართვის სადავეები არა იმ ადამიანების ხელშია, ვისი გვარ-სახელებიც ყველამ ვიცით, არამედ მოსკოვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი თითქმის იდენტური სადეზინფორმაციო ნარატივებია, რომელიც ერთადერთი მოთამაშის – კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ნარატივები, რომლებიც ქართული და აფხაზური საზოგადოებებისთვის ყველაზე სენსიტიურ თემებს ეხება, მათი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ “მუშაობს” და მათი ერთადერთი ბენეფიციარი სწორედ რუსეთია.

შავის თეთრად წარმოჩენის, კრემლის დანაშაულებისა და ანექსიური გეგმების მიჩქმალვის, ევროსკეპტიციზმის, ანტიქართული და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა. მოკლედ ასე შეიძლება, შეფასდეს 27 ივნისს კრემლის ერთ-ერთი მთავარი სადეზინფორმაციო რუპორის – “სპუტნიკის” სოხუმის პრეს-ცენტრში გამართული მოსკოვი-სოხუმის ვიდეოხიდის მიზნები. ღონისძიებაში სახელწოდებით “აფხაზეთის უსაფრთხობა უკრაინისა და საქართველოს მოვლენების კონტექსტში” აფხაზური მხრიდან “საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე” ირაკლი ტუჟბა და “პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში” მაქსიმ ღვინჯია მონაწილეობდნენ.

ვიდეოხიდის მსვლელობისას ეს უკანასკნელი გამოეხმაურა ევროკომისიის ამასწინანდელ აქტს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ამ გადაწყვეტილებას ერთდროულად “გაუაზრებელი, ამწუთიერი პოპულისტური ნაბიჯიც” უწოდა და “რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული გაღვივებაც”.

ხოლო იმ ფაქტის შეფასებისას, რომ “ტრიოს” მესამე წევრს – საქართველოს ანალოგიური სტატუსი არ მიანიჭეს, ღვინჯიამ სცადა, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება თბილისის ერთგვარ “დასჯად” წარმოეჩინა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან არმიერთების გამო: «შიდა გარდაქმნები და რეფორმები, რომლებიც საქართველოში გატარდა, ვერც კი შეედრება უკრაინისა და მოლდოვას მდგომარეობას. ჩემი აზრით, თუ ვინმე ამ სამეულიდან სტატუსს იმსახურებდა, ეს სწორედ საქართველო იყო. მიუხედავად ამისა, უკრაინას [და მოლდოვას – რედ.] კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს - არა. […] ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებიაო”.

კიდევ ერთი სადეზინფორმაციო ნარატივი, რომელიც “პრეზიდენტის მრჩეველმა” ვიდეოხიდის მსვლელობისას გააჟღერა, იმაში მდგომარეობდა, რომ “თავად კანდიდატის სტატუსი არაფრის მომცემია”, რომ ეს არის “უბრალოდ “რიგითი ნომერი” იმ ფანჯრისკენ რიგში, რომელიც რიგის მოსვლამდე შეიძლება, დაიხუროს».

ღონისძიებაზე კიდევ არაერთმა სიცრუემ და მანიპულაციურმა ინფორმაციამ გაიჟღერა, რომელიც ეხებოდა, მათ შორის, ვითომდა არსებულ ომის საფრთხეს. თუმცა ამ მასალაში ღვინჯიას უკვე მოყვანილ გამონათქვამებს მსურს, გამოვეხმაურო.

1. ევროკომისიის “გაუაზრებელ, ამწუთიერ პოპულისტურ ნაბიჯს” ჰქონდა სრულიად კონკრეტული და ძალზე წონადი მიზეზები: პუტინის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია სუვერენული უკრაინის მიმართ; უკვე ათასობით შეგროვებული და საერთაშორისო სასამართლოებისთვის წარდგენილი მტკიცებულება სწორედ იმ გამაოგნებელი სამხედრო დანაშაულებისა რუსი ოკუპანტების მხრიდან, რომლებიც “პრეზიდენტის მრჩეველს” სურს, უკრაინელებს მიაწეროს; დასასრულს – რუსეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადება: პუტინმა ცინიკურად გაუთანაბრა თავი პეტრე პირველს და ფაქტობრივად აღიარა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის რეალური მიზანი არა რაღაც “დენაციფიკაცია” და “ნატო-ს მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის პრევენცია” იყო (რისი მტკიცებულებებიც რუსეთმა ამ დრომდე ვერ წარმოადგინა), არამედ “რუსული მიწების შეგროვება” – ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოსტსაბჭოთა (და არა მარტო) ქვეყნების ტერიტორიების ხარჯზე იმპერიის აღდგენა;

2. მაინც როგორ “აღვივებს რეგიონში არასტაბილურობას” ევროკომისიის გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე – განცხადების ავტორს არ დაუკონკრეტებია, ისევე, როგორც ის, რა სტაბილურობაზე შეიძლება საერთოდ საუბარი რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიისა და პუტინის მიერ უკვე საჯაროდ დეკლარირებული იმპერიალისტური დამპყრობლური მიზნების პირობებში;

3. რაც შეეხება ღვინჯიას მტკიცებას, თითქოს “სტატუსი არაფრის მომცემია” და “უბრალოდ “რიგითი ნომერია” იმ ფანჯრისკენ რიგში, რომელიც რიგის მოსვლამდე შეიძლება, დაიხუროს», იძულებული ვარ, შევახსენო “პრეზიდენტის თანაშემწეს”, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ეს, სულ მცირე, დაახლოებით მილიარდი ევროა “რიგში დგომის” ყოველ წელიწადს, რომელიც კანდიდატ სახელმწიფოს ევროკავშირის წევრის შემდგომი სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეფორმებისა და სხვა გარდაქმნების გასატარებლად გამოეყოფა. მაგრამ მთავარი არა სტატუსია, როგორც ასეთი, არამედ ის, რომ სწორედ ეს რეფორმები და გარდაქმნები აქცევს კანდიდატ ქვეყანას ბევრად უკეთეს, ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, მოქალაქეთა უფლებებს - ბევრად უფრო დაცულად, ცხოვრებას – ბევრად უფრო უსაფრთხოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხოვრების დონის შეუდარებელ ამაღლებაზე. და ის ფანჯარა რიგის მოსვლამდე რომც დაიხუროს, კანდიდატი ქვეყანა მასთან სრულიად სახეცვლილი მივა - ისეთი, როგორშიც თითოეული მოქალაქისთვის ცხოვრება საამაყო იქნება, მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული.

მიჩვენეთ აფხაზეთის თუნდაც ერთი მცხოვრები, რომელიც არ ისურვებდა, სამშობლო ასეთად ეხილა! მაგრამ ყველაფერ ამის სრულ ანტიპოდზე – პუტინის რუსეთზე ორიენტირების გაგრძელების პირობებში აფხაზეთი ასეთად ვერასდროს იქცევა. “სტრატეგიულ მეგობარ” რუსეთს ხომ არაფერში სჭირდება განვითარებული, ძლიერი, დემოკრატიული აფხაზეთი: მოსკოვს სოხუმთან მიმართებაში სულ სხვა – ანექსიური გეგმები აქვს.

სწორედ ასეთ – ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნად სურდათ ქართველებს, ეხილათ საქართველო ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის მომენტიდან. სწორედ ამისთვის აირჩიეს ქართველებმა დიდი ხნის წინ ევროინტეგრაციის კურსი. და დიახ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველომ დიდი შრომა გასწია ამ მიმართულებით, რის წყალობითაც ქვეყანა წლების განმავლობაში ლიდერობდა “ტრიოში”, შესამჩნევად უსწრებდა რა უკრაინასა და მოლდოვას.

ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის დასაწყისშიც ევროინტეგრაციის კურსი თითქოს გრძელდებოდა: ევროკავშირთან ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით; ევროკავშირისგან საქართველომ უვიზო მიმოსვლაც მიიღო; თავად ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ქვეყნის კონსტიტუციაშიც ჩაიწერა... იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ შემდგომში ვითარებამ ცვლა დაიწყო: რეფორმები შეფერხდა, მიღებულ იქნა რიგი ანტიდემოკრატიული კანონები, საარჩევნო კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოსთვის მოცემული რეკომენდაციები იგნორირებულ იქნა, საქართველოს ხელისუფლება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა და ა.შ. შედეგად ქვეყნის მაჩვენებლები არაერთ საერთაშორისო რეიტინგში მნიშვნელოვნად დაეცა. ხელისუფლების პასუხი კი ამ ყველაფერთან დაკავშირებულ კრიტიკაზე ასეთი იყო: მძიმე რეალობის უარყოფა, კრიტიკოსების “რადიკალებად” და “ომის პარტიად” წარმოჩენის მცდელობა და გაუთავებელი საუბრები “სააკაშვილის სისხლიან მმართველობაზე”.

ევროსტრუქტურებმა, რომლებიც, რუსეთისგან განსხვავებით, თავის შემადგენლობაში არავის ითრევენ და არც კი იტყუებენ, პირიქით, მკაფიო პირობებს უყენებენ დაახლოების მსურველებს, ეხმარებიან მათ ამ პირობების დაკმაყოფილებაში და ამავდროულად მკაცრ მონიტორინგს ახორციელებენ, არაერთგზის გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ პროცესები კალაპოტიდან გადიოდა და მრავალწლიანი მუშაობა წყალში შეიძლებოდა, ჩაყრილიყო. მაგრამ “ქართული ოცნების” პასუხები სულ უფრო ბრიყვული და თავხედური ხდებოდა: “ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ გაქვთ”, “ჩვენ უკეთ ვიცით, რა სჭირდება საქართველოსო”. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ “ოცნებელებმა” “საქართველოს მტრებად” და “კრიმინალების მფარველებად” შერაცხეს ცალკეული ევროდეპუტატები, რომლებმაც მათი კრიტიკა “გაბედეს”.

აი, რა ხდებოდა (და ჯერ კიდევ ხდება) საქართველოში ევროკომისიის მიერ სტატუსთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების პერიოდში. უკრაინა და მოლდოვა კი იმ დროს აქტიურად ეკონტაქტებოდნენ ყველა არსებულ ევროსტრუქტურას, ევროპელ ლიდერებს, ევროდეპუტატებს, იჩენდნენ ყოველმხრივ მტკიცე პოლიტიკურ ნებას ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მაშ რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ უკრანამ და მოლდოვამ ეს სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ - არა?!

მაქსიმ ღვინჯიამ უნდა იცოდეს ისიც, რომ სანქციებთან მიერთება-არმიერთება აქ არაფერ შუაშია. ამაზემეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მიღების დროისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს ასევე არ იყო მიერთებული, ხოლო როგორც მოგვიანებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს მოლდოვის ხელისუფლებისთვის ევროპიდან არავის არასდროს მოუთხოვია.

ზუსტად ასევე არავის მოუთხოვია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან მიერთება საქართველოსთვისაც. მაგრამ მაქსიმ ღვინჯიას მიერ გამოყენებული სადეზინფორმაციო ნარატივი, თითქოს სტატუსის არმონიჭების მიზეზად სწორედ ეს იქცა, აქტიურად გამოიყენება თბილისშიც: მას ხშირად აჟღერებენ როგორც ხელისუფლებასთან აფილირებული ტროლები, “ექსპერტები” და მედიასაშუალებები, ისე უკვე თავად მმართველი პარტიის წევრებიც. ღვინჯიას მსგავსად, მათი მხრიდანაც ხშირად ჟღერს ასევე სადეზინფორმაციო ნარატივი საქართველოს “უსამართლოდ დასჯის” თაობაზე ვითომდა იმის გამო, რომ ქვეყანა “არ წამოეგო დასავლეთის მცდელობებს, საქართველო ომში ჩაება”.

რა თქმა უნდა, “ქართული ოცნებისთვის”, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ახლა ამის გამო ხალხის რისხვა ირძნო, სულაც არ სურს, ჩადენილი აღიაროს და ძალაუფლებით გარისკოს. გაცილებით ადვილია, იტყუო, იბოდო “დასავლეთის მიერ წაქეზებული ულტრარადიკალებისგან მომავალი საფრთხისა” და “აშშ-ის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილის” შესახებ, რათა მოქალაქეები დააბნიო, დააშინო ომის სენსიტიური თემით, მისი რისხვა აირიდო, დასავლეთზე გადაამისამართო და ამ გზით შეინარჩუნო ხელისუფლება, მათ შორის - ევროპარლამენტის ამასწინანდელ რეზოლუციაში ოლიგარქატის კონტექსტში მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილისთვის კომფორტის ზონის შესანარჩუნებლად.

დიახ, უხვევს რა ევროინტეგრაციის გზიდან, ხელისუფლება მიდის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ – ნებისა, რომელიც გამყარებულია რეფერენდუმის შედეგებითა და კონსტიტუციით. მაგრამ “ოცნებას” ეს არ აფერხებს – როგორც ჩანს, სასწორზე მეტისმეტად დიდი ფული დევს ჩრდილოელი მეზობლის მეტისმეტად წონად “არგუმენტებთან” ერთად. საქართველოს დასავლეთისგან განდგომა ხომ ქვეყნის ავტომატურად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ნიშნავს. კრემლსაც ერთი სული აქვს, ამას მიაღწიოს, ამისათვის კი ძალიან აწყობს საქართველოში ის ხელისუფლება, რომელიც “რუსეთის არგაღიზიანების” 10-წლიან პოლიტიკას გააგრძელებს.

ამიტომაა, რომ იმ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომელმაც საქართველოში კრემლის ყაიდის ტროლების არმია, პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, გამოკვეთილად პრორუსული განწყობის ულტრარადიკალური სატალიტი ჯგუფები ჩამოაყალიბა, ახლა უკვე თავადაც გადავიდნენ სოხუმში გაჟღერებულის ანალოგიური სადეზინფორმაციო ნარატივების ტირაჟირებაზე. მათ შორისაა, მაგალითად, ასეთი სიცრუე, რომელსაც ბოლო დღეებში “ოცნებისგან” ვითომდა გამოყოფილი სამი დეპუტატი ავრცელებს: “ევროინტეგრაციის გზით სურთ, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ”; “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები ევროსტრუქტურების წაქეზებით ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას ამზადებენ”; “ევროკავშირმა უსამართლოდ დასაჯა საქართველო ანტირუსულ სანქციებთან არმიერთების გამო” და სხვა.

დამეთანხმებით ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც მოსკოვი-სოხუმის ვიდეოხიდის მსვლელობისას მოვისმინეთ. სამწუხაროა, რომ “მტრებმა” – სოხუმისა და თბილისის ამჟამინდელმა მმართველებმა საერთო ენა მაინცდამაინც იმაში იპოვეს, რაშიც არ იყო საჭირო და რაც არა აფხაზი და ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ პუტინის იმპერიალისტურ ამბიციებს ემსახურება. ასეთ ვითარებაში როგორც თბილისში, ისე სოხუმშიც თავად ხალხის იმედიღა რჩება. მხოლოდ მას შეუძლია, დაუპირისპიდეს რეალურ საფრთხეებს, პუტინის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული ბნელი იმპერიის შემადგენლობაში შეთრევის ჩათვლით.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები