ადგილობრივი – ბოლნისიდან ქვებითა და  ხელკეტებით გამოდევნილ ექიმებზე: "უსაფუძვლოდ მიჰყავთ ხალხი საავადმყოფოში" (ვიდეო)

02-05-2020 10:59:56

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის ერთ-ერთი მკვიდრის განცხადებით, ადგილობრივებს ახალი კორონავირუსი არ აქვთ და ისინი მედიკოსებს "საავადმყოფოში უსაფუძვლოდ გადაჰყავთ".

„ჩვენს სოფელში ვირუსი ერთს დაუდგინდა. ამ ადამიანს ჯამრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უბრალოდ, გაციებული იყო. მოვიდნენ და კორონავირუსი დაარქვეს და წაიყვანეს. მისი ოჯახის წევრებიც წაიყვანეს. ჩვენ მათთან კონტაქტში იყავით - არაფერი სჭირთ. სოფელი ჩაკეტილია. ამის შემდეგ დაიწყეს ხალხის წაყვანა. ჩვენ ჩვენი ჯანმრთელობის მტრები ხომ არ ვართ, რამე რომ დაგვემართოს რამენაირად მოვუვლით თავს. ესენი უსაფუძვლოდ იყვანენ ხალხს და მიჰყავთ საავადმყოფოში. ამიტომ გავნერვიულდით. ჩვენ არც მთავრობას და არც პოლიციას ვერჩით, მათთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ ეს ტყუილია. მე ადგილობრივებზე გეუბნებით. ყველამ გვითხრა რომ მათში ვირუსი არ აღმოჩენილა“, - აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი "რადიო მარნეულთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 1 მაისს სოფელ მუშევანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა წამოსაყვანად მისულ ექიმებსა და პოლიციელებს ქვებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ. გუშინ COVID-19 ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 ადამიანს დაუდასტურდა. 10 მათგანი სოფელ მუშევანიდანაა.

შემთხვევის ადგილიდან კადრებს "მარნეულის რადიო" ავრცელებს:

მუშევანში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია თავდაპირველად “ინფო რუსთავმა” გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით შსს–ში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. "აქცენტი" ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მას დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 23 მარტიდან მკაცრი კარანტინი არის გამოაცხადებული.