გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს

07-07-2020 14:02:29

შსს 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს.

როგორც გამოძიების შუალედური შედეგების წარდგენისას შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112 ში განხორციელებულ ზარს , სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.

რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:

საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:

• გამოკითხულია 93 პირი

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან – ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

• ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები;

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

აქვე მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად“, – განაცხადეს შსს-ში.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

იხილეთ ასევე: ადვოკატი: „ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია“