Accentnews.ge
პრეზიდენტმა ხვალ შეკრება დააანონსა: "ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას, დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას"

პრეზიდენტმა ხვალ შეკრება დააანონსა: "ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას, დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას"

07/11/2023 08:15:38 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხვალ 20:00 საათზე შეკრება დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, იქნება ხმა ევროპისთვის.

შეკრების ადგილი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, რაც გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

პრეზიდენტის თქმით, ხვალიდან ხელმოწერების კამპანია დაიწყება.

„ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით და ვგეგმავდით ხვალ, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს არა ზეიმისთვის (ზეიმი იქნება, თუ ჩვენ პასუხი მივიღეთ დეკემბერში), მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული - ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან, რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს, მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი, ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ, ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას - შენს ხმას, ყველანი ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ, არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რადგან რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს ჩვენი წარსულიდან მაგალითია, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ არასდროს, თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალ, 20:00 საათზე შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი, მშვიდობიანი მომავალი არის ევროპულ ოჯახში ყოფნა:

"მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების განმავლობაში, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, განცხადებებს, რომ ვითომ ჩვენი ერთსულოვანი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა, მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის. ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს საქართველოში შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რაიმე ისწავლოს. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან მშვიდობიანად მოილაპარაკებს. ჩვენი მომავალი არის პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში!".

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო მეორე თანამოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S