პაატა მანჯგალაძე: კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს, კუდის ქიცინს და სირაქლემას პოზაში დგომას აზრი არ აქვს
07/11/2023 08:57:02 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებას დაანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს, კუდის ქიცინს და სირაქლემას პოზაში დგომას აზრი არ აქვს.
მისი თქმით, მშვიდობის გარანტი შეიძლება, იყოს მეტი ევროკავშირი, მეტი ნატო და მეტი ამერიკა საქართველოში.
„კირბალში საშინელი ტრაგედია მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა ვაჟკაცი ადამიანი მოგვიკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი იყო და წინაპრების საფლავზე სანთლის ასანთებად მივიდა. ეს არის ტრაგედია, რომელმაც დაგვანახა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს, კუდის ქიცინს, სირაქლემას პოზაში დგომას აზრი არ აქვს და ჩვენი მშვიდობის გარანტი შეიძლება იყოს მეტი ევროკავშირი მეტი ნატო, მეტი ამერიკა საქართველოში. ეს არ არის სტატისტიკა, ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელსაც სულ ვაწყდებით - ხან იტაცებენ, ხან ე.წ. საზღვარს წევენ. ამის გამო არავინ პასუხს არ აგებს და ჩინ-მედლებს იღებენ ოკუპანტები მკვლელობის გამო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი დააკავეს.
„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აღნიშნავდა სუს–ი გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.
6 ნოემბერს ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.


