გაეროს წარმომადგენელი: ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, ვიდრე მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას
07/11/2023 10:21:33 პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოლერმა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ.
მისი თქმით, ეს უნდა შეეხოს როგორც საჯარო განცხადებებს და პოლიტიკას, ასევე საკანონმდებლო ბაზის ცვლილებასაც.
„საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მათი ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და გაქარწყლდეს მზარდ პოლარიზაციასა და დაუცველობასთან დაკავშირებული შიშები. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს იგი უაღრესად ძლიერი, დინამიური, მიზანდასახული და მრავალფეროვანია. ქვეყანამ უნდა იამაყოს ასეთი სამოქალაქო საზოგადოებით. [...] ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, ვიდრე მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ან არ გმობენ სხვების ამგვარ რიტორიკას და სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რეპუტაციის შემლახავ კამპანიას. [...] ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ქალთა და LGBTQI პირების უფლებადამცველების, წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმისა და შეურაცხყოფის, ასევე უკანონო თვალთვალის ფაქტები დაუსჯელი რჩება, რაც, როგორც ჩანს, სისტემურ ხასიათს ატარებს. უაღრესად დიდი ნიშვნელობა ენიჭება უფლებადამცველების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, რაც მნიშვნელოვნად უამცირებს შემდგომი თავდასხმების რისკებს. საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყრას უფლებადამცველებს როგორც მოკავშირეებსა და არა როგორც მტრებს“, – განაცხადა ლოლერმა.
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.


