მილიარდერ უსმანოვის კომპანიამ ქართულ ბანკებს უჩივლა
07/11/2023 11:00:42 პოლიტიკა
ქართულმა იურიდიულმა კომპანია MKD Law-მ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ ორი სარჩელი აღძრა, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციათა შესაძლო, ხარვეზიან იმპლემენტაციას უკავშირდება.
როგორც საქმის წამყვანი იურისტმა და MKD Law-ს პარტნიორმა სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან განმარტა, ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია Metalloinvest-ს წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული.
ეს კომპანია რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის, USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-იან წილს უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი ფლობს. თავად უსმანოვი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $14.5 მილიარდად აფასებს.
“კლიენტს, რომელიც არის შვეიცარიული კომპანია Metalloinvest-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, თანხები საქართველოში, “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული. დიდი ხანია, ეს თანხები განთავსებული აქვს, მაგრამ აპრილში, მას საკუთარ აქტივებზე წვდომა სრულად შეეზღუდა. თანხა საკმაოდ დიდია - საუბარი რამდენიმე მილიონ ევროზეა”, - განაცხადა იურისტმა BMG-სთან საუბრისას.
აღნიშნული დავა, რომელშიც MKD Law მოსარჩელე მხარე - მილიარდერ ალიშერ უსმანოვის UMS-ის საკუთრებაში არსებულ კომპანია Metalloinvest-ს წარმოადგენს, ახლახან დაიწყო და ქართულმა სასამართლომ ის წარმოებაში მიიღო. როგორც საქმის წამყვანი იურისტი, სანდრო სამადბეგიშვილი ამბობს, დავა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.
Metalloinvest-ი სამთო მოპოვებისა და მეტალურგიული წარმოების გიგანტია, რომლის აქტივებიც რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანიის საკუთრებაშია მიხაილოვისა და გორკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატები, რომლებიც რუსეთსა და დსთ-ში ფოლადის უმსხვილესი ქარხნებია.


