ფოტიგა: ჩვენ ვერ დავუხურავთ საქართველოს ევროკავშირის კარს
07/11/2023 11:27:15 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ "ევროკავშირი საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული შემაშფოთებელი ნაბიჯისა".
მისი თქმით, გაფართოების პოლიტიკა რჩება ძირითად ინსტრუმენტად ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
„გაფართოების პოლიტიკა არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში. დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. მე ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ მის წინსვლას ევროკავშირის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია“, – წერს ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


