პრეზიდენტი – აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეცწარმომადგენლებს: "არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე"
07/11/2023 11:37:32 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, გუშინ კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში.
"ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ. არ შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება. ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


