ვედანტ პატელი: სიმართლეს არ შეესაბამება USAID-თან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
08/11/2023 06:13:13 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ USAID-ის მეშვეობით ჩართული იყო საქართველოში გადატრიალების დაფინანსებაში.
„მთავარი არხის“ კორესპონდენტმა მას შემდეგი კითხხვით მიმართა:, „ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტია და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით აფინანსებს გადატრიალების მომზადებას. როგორია თქვენი რეაქცია? ზოგადად, როგორ აღიქვამთ ამ განცხადებებს მთავრობისგან, რომელიც ყოველწლიურად იღებს მილიონობით დოლარს შეერთებული შტატებისგან?". რაზეც პატელმა განაცხადა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
„ერთი თვის წინ ბევრჯერ ვისაუბრე ამ თემაზე და კვლავ გავიმეორებ, რომ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეერთებული შტატები არ ემხრობა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან რომელიმე კონკრეტულ მთავრობას. ისევ და ისევ, ჩვენი მიზანი ნებისმიერ ამ ვითარებაში, ნებისმიერ კონტექსტში, არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა პატელმა.
ამასთან, ვედანტ პატელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ აშშ-ს სურს, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად.


