პაატა მანჯგალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმები ჩააგდო, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა და ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული
08/11/2023 07:33:51 პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ რეფორმები ჩააგდო, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა და ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოელის, რომ ევროკომისიის ანგარიში რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით კრიტიკული იქნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი – დადებითი.
"ქართული ოცნება" სულ იცვლის პოზიციას და რთულია პოზიციაში მისდიო. ხალხი, რომელიც საუბრობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს და თავისთვის დაიტოვონო, სათაგურია და თავი შეაყოფინეს ქვეყანასო, დღეს საუბრობენ, რომ დაიმსახურეს სტატუსი. მოგვცენ და იყოს ამის მთქმელი ხალხის დამსახურება. ჩვენ ვიცით, რომ გარდა რეფორმებისა, რასაც ქვეყანას სთხოვენ, საბოლოო ჯამში, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება, პროცესი თავის არსით პოლიტიკურია. შეფასებას ველოდები კრიტიკულს და ჩვენ გვეტყვიან, რომ რეკომენდაციების ნახევარიც არ გვაქვს შესრულებული, მაგრამ არ უნდათ, მოლდოვას და უკრაინას დააშორონ ქვეყანა ამ გზაზე, ეს იქნება ალბათ, ჩვენთვის შესაძლებლობის მოცემის მთავარი განმსაზღვრელი, რომ კარი არ დაიხუროს და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება და ცნობილი გახდება გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.


