როგორ განმარტავს ვოლსკი მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას "ადამიანის სიკვდილით გახარების" თაობაზე
08/11/2023 08:59:13 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას "ადამიანის სიკვდილით გახარების" თაობაზე.
„ინტერპრეტაციის საშუალება, რასაკვირველია, იყო. პირველ რიგში „გაუხარდა“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცეკვავენ, ან მღერიან ეს ადამიანები. გაუხარდა იმიტომ, რომ საშუალებას იძლევა დაგეგმონ, როგორ შეუტიონ ხელისუფლებას - ფაროსანას შემოტევა იქნება ეს, პანდემია თუ ადამიანის გარდაცვალება. ეს არის ეს ჯგუფი და მე ვიგულისხმე, რომ მათთან ერთად დგას სალომე ზურაბიშვილი და შუა, მესამე რგოლიდან მოწოდებები არის ყალბი და თვალთმაქცური. ეს ვიგულისხმე და არ მგონია, რომ ნაკლები სიმწვავის იყოს ჩემი შეფასება, თუმცა, არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა. მე ვთქვი, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვისაც ეს გაუხარდა და ვერანაირად ვერ ითამაშებს ნეიტრალური, ამაღლებული, პედესტალზე შემდგარი პოლიტიკური ფიგურის როლს, ეს ვთქვი. ეს არ მიგულისხმია, რომ მას გაუხარდა, არც ჩვენი ოპონენტების სიხარულში არ ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან იმის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ მოვიგონოთ: შაქარაშვილის სიკვდილი, უბედურება, რაც ოჯახს დაატყდა, იმ გოგონამ რომ თავი მოიკლა, ჟურნალისტის გარდაცვალება, პანდემია, ფაროსანას შემოსევა და ეს იყო სიხარული, რაც გამოიხატებოდა დესტრუქციულ ქმედებებში და ამ ვითარების გამოყენების მცდელობაში, რომ როგორმე დაეზიანებინათ სტაბილურობის მომხრე და ამისთვის მომუშავე ხელისუფლება", – აცხადებს, "ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ვოლსკი.
რა თქვა გუშინ ვოლსკიმ
გია ვოლსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება "ადამიანის სიკვდილით გახარებული" პოლიტიკოსთა ჯგუფი:
- „რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხის უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით, პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც უნდა გაჩუმდეს, ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის, აი ეს ღირსება არ გააჩნია".
ცნობისთვის: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 20:00 საათზე შეკრება დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, იქნება ხმა ევროპისთვის. შეკრების ადგილი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, რომელიც გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო მეორე თანამოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


