ევროკავშირის ელჩი: ჩემი კოლეგები მოუთმენლად გელიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ამას მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, საქართველო მზად უნდა იყოს
08/11/2023 12:21:06 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის თაობაზე, განაცხადა, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიერ მიღწეული წინსვლის აღიარება.
„გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ – მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე.
მან თქვა, რომ ბრიუსელში ჰქონდა შეხვედრები, „ჩემი კოლეგები მოუთმენლად გელიან მოლაპარაკების მაგიდასთან [საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას – რედ.], მაგრამ ამას სჭირდება მოსამზადებელი სამუშაოები, საქართველო უნდა იყოს მზად“.
„იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოთ ევროკავშირის წევრობისაგან, იმისათვის, რომ ევროკავშირი გააძლიეროთ, ამისთვის ახლა განსაზღვრული გვაქვს 9 ნაბიჯი. ზოგიერთი ამ ნაბიჯთაგანი საკმაოდ ნაცნობია, რადგან არის 12 პრიორიტეტის ნაწილი – ზოგიერთი ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, დანარჩენები ახალია. ერთ–ერთი ამ ახალთაგანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, რაც დემოკრატიის ხერხემალია“.
ელჩმა თქვა, რომ საარჩევნო პროცესს ევროკავშირი დააკვირდება და ხაზგასმით აღნიშნა ძალადობის მიუღებლობა:
„დავაკვირდებით არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელს წინა პერიოდს და იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის, ყველა მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და ადგილი არ ექნება ძალადობას. ნებიმიერ დემოკრატიაში არსებობს სხვადასხვა, მრავალფეროვანი ხედვები, მაგრამ ძალადობა დემოკრატიის ფორმატში მიუღებელია“.


