ევროკავშირის ელჩი: გილოცავთ და მადლობა ძლიერი ევროპული მისწრაფებისთვის!
08/11/2023 12:16:20 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას ულოცავს, ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მან ბრიფინგი სოფელ კირბალში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო და თქვა, რომ რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოა.
სამძიმრის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ მიულოცა საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე და გამოხატა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს დასახული ამოცანების შესრულების პროცესში.
"გილოცავთ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩემი გულითადი მილოცვა ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ხელისუფლებას, ოპოციზიას, პარლამენტს, პრეზიდენტს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, მაგრამ პირველ რიგში ჩემი მილოცვა ქართველ ხალხს, რომელიც ყოველთვის მტკიცედ და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს. გილოცავთ და მადლობა ძლიერი ევროპული მისწრაფებისთვის! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ სურდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოითხოვს. ამ ნაბიჯების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე გადასვლის საკითხი. ეს არის გაფართოების პროცესის ბუნება. მუდმივი რეფორმები, რომ თქვენი ქვეყანა მზად იყოს, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, საკუთარი ადგილი დაიკავოს", - განაცხადა ელჩმა და განმარტა, რომ საქართველოს სამუშაო აქვს მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი არჩევნების მიმართულებით და ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ.


