ჰერჩინსკი: სამწუხაროდ, შეთქმულების თეორიები, პროპაგანდა ხშირად ძლიერდება საქართველოს ფარგლებს შიგნითაც, ეს უნდა შეწყდეს
08/11/2023 12:47:27 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ყურადღებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ამახვილებს და გამოდის შეხსენებით, რომ ეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პირობიდან ერთ–ერთია.
მისი თქმით, დეზინფორმაცია ძირითადად სხვა ქვეყნებიდან მოდის, მაგრამ ხშირად მეორდება ქვეყანაში და მის წინააღმდეგ აქტიურობა მნიშვნელოვანია.
„როგორც ყველამ ვიცით, გეოპოლიტიკური კონტექსტი ძალიან რთულია. ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს ომი. ეს რუსეთის უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმაა, რომელიც ჯერაც გრძელდება. ასევე ეს გულისხმობს ნარატივების დაპირისპირებას, დეზინფორმაციას, ჰიბრიდული ომს, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით, ასევე საქართველოშიც. უმეტესად ეს მოდის გარედან – სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ სამწუხაროდ შეთქმულების თეორიების წყაროები და პროპაგანდა ხშირად მეორდება და ძლიერდება საქართველოს ფარგლებს შიგნითაც, რაც უნდა შეწყდეს.
მინდა, თქვენი ყურადღება იმ ფაქტს მივაპყრო, რომ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს მიერ უნდა გადაიდგას, როგორც ამას ევროკომისიამ გაუწია რეკომენდაცია, დეზინფორმაციასთან ბრძლობა ნაბიჯი #1–ია. ეს ჩვენი საერთო ამოცანა და მიზანია და რა თქმა უნდა, ეს მარტივი გასაკეთებელი არაა“,– ამბობს ელჩი და დასძენს, „შესაძლოა, შესაძლებელი არც იყოს, ხუთ კვირაში შევწყვიტოთ მავნე ინფორმაციის გავრცელება, თუმცა იმაში უნდა დავწრმუნდეთ, რომ ამ პროცესს ვებრძვით და ახლოს ვართ მიზანთან“.
ელჩი იმეორებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, ევროკავშირი ღიაა, „დღეს ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ყველანი საერთო მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ საქართველომ სრულუფლებიან წევრის სტატუსი მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად“.


