ევროკომისიის ანგარიში: საქართველოს სასამართლო სისტემა მომზადების გარკვეულ დონეზეა და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი
08/11/2023 14:49:38 პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ "საქართველოს სასამართლო სისტემა მომზადების გარკვეულ დონეზეა და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი".
"სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და საერთო შესაძლებლობების თვალსაზრისით რეფორმების ოთხმა ტალღამ სამართლებრივი ბაზა გააუმჯობესა. მიღებულ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის ის, რაც ეხება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, მოსამართლეების დანიშვნების დასაბუთების ხარისხს და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისას პროფესიული გამოცდილების 10 წლამდე გაზრდას. მართალია, პარლამენტმა 2023 წლის ივნისში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა და მოამზადა შემდგომი ცვლილებები 2023 წლის სექტემბერში ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაციის შესაბამისად, თუმცა ცვლილებები არ პასუხობს ვენეციის კომისიის მოსაზრებების (2023 წლის მარტისა და 2023 წლის ოქტომბრის მოსაზრებები) ძირეულ რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმირებასა და უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოწოდებებზე.
კერძოდ, საჭიროა შემდგომი უფრო ფართო რეფორმები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
საჭიროა გაუმჯობესებები და დამატებითი გარანტიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გასაჩივრების ეფექტური უფლება.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია და შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება იყო. გენერალური პროკურორობის კანდიდატების კვალიფიციური უმრავლესობით წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტში უნდა იქნას მიღებული", – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიამ დღეს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.


