ზურაბიშვილი – სტატუსზე: ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს ყველა უღირსობაზე (პრეზიდენტის მიმართვა)
08/11/2023 17:05:13 პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს პრეზიდნტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვას:
„გილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულეებო, გილოცავთ აქ, საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა ხართ. გილოცავთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რამეთუ, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი, თქვენი ევროპული მომავალიც არის. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ნამდვილად მიხარია. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრების არის, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, დღეს მისი დაბადების დღეა. ეს დღე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი ... არ შემიძლია ყველა ჩამოვთვალო. ეს დღე არის ჩვენი ყველასი, ვინც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი ყოფილიყო, რასაც ჰქვია ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და იდენტობის საფუძველზე. ეს დღე ზვიადის და მერაბის არის. ეს დღე ასევე ზურაბ ჟვანიასია. ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ყველაზე უფრო მეტად, ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვაა, ლხინსა და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია, აღარ უყოყმანია ამ გზაზე. ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, ჩვენი დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა. ყველას დღეა. ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა, წუთიერი დუმილით ვაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად.
მე დღეს, ახლა, ამ წუთში უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული, ჩვენ ხალხებს შორის დიდი სიყვარულის ნიშანი.
მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია. ერთად ვივლით და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით სამივე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, იქ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რამეთუ ეს არის ის მომავალი, რასაც პირდება ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს. იქ ვიქნებით ერთად.
დღეს მივიღე მოლოცვა ჯოზეფ ბორელისგან და უამრავი მოქალაქის. დღეს ჩვენთან არიან ევროკავშირის ელჩები, მოსულნი არიან რომ ეს დღე მოგილოცონ. მათი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ერთად დღეს არ ვიდგებოდით. ესენი არიან იმ ქვეყნების ელჩები, რომლისგან ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში. 14-15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ვიცით, ევროპული საბჭო იკრიბება და ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. დღეს, რასაც ჩვენ ვზეიმობთ და რაც გვიხარია, არის ევროკომისიის რეკომენდაცია და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების. ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, წინსვლა არ იქნებოდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ ჯერ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია [ევროკაშირის წევრ] თითოეულ ქვეყანაზე. არცერთმა არ შეიძლება რომ უარი თქვას ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას, ეს არის ევროკავშირის წესი, ამას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ ხელებდაკრეფილი, რა მოხდება.
ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გამოხატულ ერთიან ნებაზეა დამოკიდებული. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ევროკავშირი, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანნი და ჩვენი ნება იყოს გამოხატული ერთიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აქამდე, ხვალაც ამ რამდენიმე კვირაში, რაც გვაშორებს იმ საბოლოო გადაწყვეტილებიდან, ამ საქმეში ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, პასუხისმგებლები და ყველანი ჩართული.
რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა.
[...] მინდა, წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და შემდეგ მე მოვაწერ ხელს პირველი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ხელმოწერებისთვის გახსნილი იქნება.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად, საქართველოს და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ. ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ, მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთან არის, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს, სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით, ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს.
ხელმოწერა ყველასთვის ღიაა. დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ. პოზიცია, ოპოზიცია, მგონი, ჩვენ აქ ვიძლევით ერთიანობის სურათს, რაც არ უნდა იყოს. ხელმოწერა ყველასთვის ღიაა. პოლიტიკური მიკერძოების მიუხედავად. ადგილი არ აქვს მიკერძოებას ამ ხელმოწერაში. ყველა, პატარა, დიდი, რაც არ უნდა იყოს მათი მსოფლმხედველობა რელიგიური, პოლიტიკური, თუ სხვა, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ყველას მომავალი, საქართველოს მომავალია".


