ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, ევროკომისიის მიერ გაცემული პოზიტიური რეკომენდაცია იმედის მომცემი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის
08/11/2023 17:32:42 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაყოფის მშვიდობიანი გზით დასრულებას. ამის შესახებ მან ორბელიანის სასახლესთან გამართულ შეკრებაზე ისაუბრა.
„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო, თბილისის და მთელი საქართველოს მოქალაქეებო, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ ახლახანს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს. მინდა, მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს, მისი ძლიერი და ურყევი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგილოცოთ ყველას, თქვენ, ქართველ ხალხს. თქვენ ძლიერად და მუდმივად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
ეს არის ევროკავშირისგან საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა და ევროკავშირის წევრობის მიმართ ხალხის ძლიერი მხარდაჭერის დიდი აღიარება.
დღეს, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის საშინელ მკვლელობას, ვიმედოვნებ, ევროკომისიის მიერ გაცემული პოზიტიური რეკომენდაცია ასევე იმედის მომცემი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, რომ უფრო დაუახლოვდნენ დანარჩენ ქვეყანას და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიის ტრაგიკული დაყოფის მშვიდობიანი გზით დასრულებას.
დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაციები ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.
ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რეკომენდაციები დაკავშირებულია სამომავლო რეფორმებთან, მათი შესრულება გადამწყვეტი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ამისთვის საქართველომ უნდა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის, ყველასთვის იქნება, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ბევრჯერ მინახავს ეს, რომ როდესაც თქვენ გაერთიანებულები ხართ, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მე არაერთხელ მინახავს როცა თქვენ ერთიანდებით. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოთ. ევროკავშირის გაფართოებამ ბოლო წლებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თუ არის პოლიტიკური ნება და ერთიანობა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელება შეიძლება სწრაფ ტემპში და ამას ვუსურვებ საქართველოს. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან კარგი მიზეზი რომ ვიზეიმოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის ლიდერების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დეკემბრის შუა რიცხვებში.
მე მიხარია, რომ 18 ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩით ვარ წარმოდგენილი აქ, ამ ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აგრეთვე ძალიან მიხარია, რომ აშშ-ის ელჩი შემოგვიერთდა, რომელიც არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ხუთ კვირამდე დარჩა, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ თითოეული დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლა განხორციელდეს. ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს. კიდევ ერთხელ მივულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას და ვეუბნები დიდი მადლობას“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.


