„ჩვენი ხმა ევროპას“ - პრეზიდენტმა ხელმოწერების კამპანია დაიწყო
08/11/2023 18:41:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ მოწყობილი სცენიდან ევროპელი ლიდერებისთვის გასაგზავნად, მიმართვაზე ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილმა პირველმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ - მთავარი შემადგენელი ნაწილია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ევროპელი ლიდერებისთვის ხმის მიწვდენა.
„კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე. უნდა იყოს გაშლილი ქვეყნის შიგნით და ასევე გარეთ, რათა ყველამ შეძლოს მოაწეროს ხელი. ყველანაირი ინიციატივა მისაღებია“, - თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, 9 ნოემბრიდან ყველას ექნება საშუალება ორბელიანების სასახლეში მიმართვას ხელი მოაწეროს. ამასთან, მსურველები ონლაინ შეძლებენ ხელმოწერას.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია! საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია მიმართვაში.


