თინა ბოკუჩავა: შევადგინეთ რეზოლუცია, რათა პარლამენტს ჯეროვანი რეაგირება ჰქონდეს რუსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე
10/11/2023 10:50:48 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კირბალში ჩადენილ დანაშაულზე „ჯეროვანი რეაგირება უნდა ჰქონდეს”. ბოკუჩავა ამბობს, რომ შეადგინეს შესაბამისი რეზოლუციაც, რომელსაც, მისი თქმით, მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი.
„6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს რეაგირების დაფიქსირება. ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯეროვანი რეაგირება ჰქონდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა 2018 წელს მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა მიიღოს იმისთვის, რომ საქართველომ დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა გაატაროს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.


