"ლელო" თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს
13/11/2023 07:34:37 პოლიტიკა
"ლელო" თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს. ამის შესახებ "ლელოს" წევრებმა ბადრი ჯაფარიძემ და ირაკლი კუპრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მსურველებს 19 ნოემბერს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ პროცესს, ასევე, გახდნენ ამ პროცესის მონაწილეები პარტიის ვებ–გვერდზე რეგისტრაციის გავლით.
"ლელო აფუძნებს თბილისის ორგანიზაციას, რომელიც შეარჩევს პოლიტიკურ და აღმასრულებელ შტოებს ამ ორგანიზაციის. დღეს, როცა თბილისი არის ურბანული კატასტროფის, კლანების ტყვეობის, ქართული ოცნების გავლენების ქვეშ, თბილისს სჭირდება განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონობისადმი. სჭირდება ორგანიზაციული სიძლიერე, რასაც ლელო გთავაზობთ თქვენ, თბილისელებს და გთავაზობთ, რომ 19 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ დააკვირდეთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ და შიდაპარტიული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან პროცესს, თავად იყოთ ამ პროცესის მონაწილე ვისაც გაქვთ სურვილი და მოიაზრებთ თავს ამ ბრძოლის, წინააღმდეგობის და პროცესის თანამონაწილედ, გაქვთ შესაძლებლობა ლელოს ოფიციალურ გვერდზე გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია, დარეგისტრირდეთ დელეგატად და მონაწილეობა მიიღოთ ლელოს თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებაში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.


