ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია
13/11/2023 09:18:52 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია.
"ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ. ერთის მხრივ, გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ. კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა. შესაბამისად, საკითხი, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო ბარიერი არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საარჩევნო რეფორმა ისევ მოხვდა.დოკუმენტში ნატქვამია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და შეასრულოს OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციები.


