განათლების მინისტრი: სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებელს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება
13/11/2023 12:30:38 პოლიტიკა
განათლების მინისტრ გიორგი ამილახვრის განცხადებით, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებელს ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება.
როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სამინისტროს არ სურს, რომ ხელფასების ცვლილების გადაწყვეტილება მასწავლებლებთან კომუნიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს.
„ძალიან მალე, ვფიქრობ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როგორც მოხერხდება თარიღის მიხედვით, ზოგადი განათლების მიმართულებით, იმ განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია გვექნება, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხავს, უშუალოდ მასწავლებლებთან პირადად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში ახლა ვარ ჩართული. წინა კვირას თბილისში დაახლოებით, 700 მასწავლებელს შევხვდი, სამსაათიანი დისკუსია გვქონდა სწორედ ამ საკითხზე. როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში რეგიონებში მაქვს გასვლა. არ გვინდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ გვინდა, ყველა მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩემი უახლოესი ორი-სამი კვირა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უშუალოდ პირადად მასწავლებლებთან კომუნიკაციას დაეთმობა. საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, უპირველესად, მასწავლებელთა ინტერესებში შედის და რომელმაც ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა უნდა მოიტანოს. შესაბამისად, ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იცით, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც სამინისტროში ახლა ვმსჯელობთ, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


