პაატა მანჯგალაძე: ჩვენი ამოცანაა, 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს
14/11/2023 08:07:33 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიის ამოცანაა 2024 წლისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს.
მან კვლეევის შედეგებს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 55% „ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს, "დაჩის ზღაპრები“ უწოდა.
„[კვლევა ამბობს, რომ] 55%–ს, რა სიღარიბეშიც ცხოვრობს ქვეყანა, მოსწონს, მექსიკიდან ამერიკაში რომ მიდიან მისი ოჯახის წევრები, საჯარო სამსახურში რომ ხელფასები იზრდება და პენსია - არა, ეს მოსწონს, ყოველი მესამე ბავშვი რომ შიმშილობს სკოლაში, ეს მოსწონთ. მე არ მგონია, ასე ვფიქრობდეთ ქართველები. „დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას, კვლევა კი არა. ჩვენს რეიტინგს რაც შეეხება, ბევრი კვლევაა, ხან 20 %–ია, ხან - 25. ძირითადი კვლევა არის არჩევნები და ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ხელისუფლებას ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობის და ვნახეთ კიდეც, კონსულტანტი, რომელიც ინგლისის პრემიერის მრჩეველი იყო არ შემოუშვეს ქვეყანაში. კითხეთ „ქართულ ოცნებას" ინგლისის მოქალაქემ, რომელიც ბორის ჯონსონის მრჩეველი იყო, რა დააშავა და რატომ არ შემოუშვეს საქართველოში, როცა ათასი ჯურის რუსი აგენტი და მაიმუნი შემოდის საქართველოში უპრობლემოდ. არ ვიცი, ამ კვლევებით რა დაგვიწერეს. ჩვენი ამოცანაა, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობა გავიდეს პირველ ადგილზე, გპირდებით, ეს იქნება ასე და ხელისუფლება შეიცვლება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.


