სააკაშვილი – გინტურის მკვლელობაზე: რუსებმა ზუსტად იცოდნენ, ვის ესროდნენ, გამოსაძიებელია, ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი
15/11/2023 10:40:24 პოლიტიკა
რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს.
„კიდევ ერთხელ თამაზ გინტურზე - რუსების მიერ გამოგდებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ თამაზი იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა.
რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი და კიდევ, პატრიარქის განცხადებამ გარკვეულწილად გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა მღვდელმსახური, რომელმაც ქართულ მიწაზე ოკუპანტების პრიმატი გამოაცხადა, ეკლესიაში დარჩა, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.
მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს. როდესღაც საქართველოს ჰქონდა ამის თავი და შესაძლებლობა და ასეთ თავდასხმებს იმიტომაც ვერ გვიბედავდნენ. დაუსჯელობის სინდრომი, რაც ახალისებს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, გინტურის და სხვა ტრაგედიებს და მღვდლის განცხადებები კი ყველაფერ ამის „გაპრავებას“ ემსახურება.
სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს.
საქართველოს ეკლესია ტრადიციული, პატრიოტული ფასეულობების მატარებელია და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აღკვეთავს ამ რუსულ მანიპულაციებს!“, - აცხადებს სააკაშვილი.
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


