სამნიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე გეგმავს
15/11/2023 15:04:39 პოლიტიკა
„რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე გეგმავს. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან 2024 წლისთვის ეს არის მთავარი გამოწვევა. ბიუჯეტიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხელისუფლება აქცენტს გააკეთებს ისეთი პროგრამების გააქტიურებაზე, რომლითაც შეძლებს მანიპულირებას. იზრდება სოციალურად დაუცველთა ბაზა და მასთან ერთად ხარჯები. საინტერესოა დღის წესრიგში ID ბარათების ნაცვლად, ძველი პირადობის მოწმობების გამოყენების საკითხის გაჩენა, რაც წარმოადგენს საფრთხეს. მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიის მიერ გრძელვადიანი დაკვირვება, რადგან არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.


