დარჩიაშვილმა და რასმუსენმა, მათ შორის, რეგიონში დანიის გააქტიურებაზე ისაუბრეს
16/11/2023 15:21:27 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლარს ლოკე რასმუსენთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. მხარეებმა განიხილეს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დეკემბერში ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა დანიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპებზე.
ოფიციალური რელიზის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, ბოლო დროს გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას.
"კმაყოფილებით აღინიშნა ლარს ლოკე რასმუსენის თბილისში ვიზიტი და დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობისა და რეგიონში დანიის სამეფოს გააქტიურებული როლის კიდევ ერთი დასტურია.
ხაზი გაესვა, ერთის მხრივ, დანიის სამეფოს მიერ საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, მეორეს მხრივ კი, აღინიშნა, რომ საქართველო დანიის სამეფოს მტკიცე პარტნიორია რეგიონში.
მხარეებმა აღნიშნეს რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის და ამასთან მიესალმნენ „პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ" საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც ილია დარჩიაშვილის დანიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას ნორდიკული ფორმატის ფარგლებში, რომელიც რეგიონალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალ ასპარეზს იძლევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


