ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი: კონკრეტულ "წითელ ხაზებზე" მივუთითეთ
16/11/2023 15:53:11 პოლიტიკა
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ საქართველოში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაჯამა.
“ძალიან გრძელი და ნაყოფიერი დღე იყო",– აღნიშნა მან და განაგრძო, "ყველა შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში".
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ვენეციის კომისია მითითებებს იძლევა, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები:
"ჩვენ ასევე კონკრეტულ "წითელ ხაზებზე" მივუთითეთ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე”, - დასძინა ფრენდომ.
ვენეციის კომისიის წევრებმა დღეს შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.


