ზურაბიშვილი: ივანიშვილი რაშიც მადანაშაულებს, ალბათ, ისაა, რომ მის ხელში არ ვარ
17/11/2023 07:22:53 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რაშიც ადანაშაულებს, ალბათ, ისაა, რომ მის ხელში არ არის". ამის შესახებ მან Le Monde-ს განუცხადა.
კითხვაზე, ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი, ალბათ, იმაში ადანაშაულებს, რომ მის ხელში არაა.
„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.
ასევე, პრეზიდენტის თქმით, თითქმის სამი წელია ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.
„ორ წელიწად ნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, - ამბობს ზურაბიშვილი.


