Accentnews.ge
სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები გამკაცრდა

სახლიდან და რესტორნიდან გამოსულ ხმაურზე სანქციები გამკაცრდა

17/11/2023 07:58:38 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დღის ან ღამის საათებში სახლიდან ან/და ნებისმიერი კომერციული დაწესებულებიდან გამოსულ ხმაურზე სანქციებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა 16 ნოემბერს შეიტანა. ცვლილებები ამოქმედდება პრეზიდენტის ხელმოწერიდან მე-15 დღეს (სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ ნახევარში).

ცვლილებების თანახმად:

  • ხმაურზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს ან კომერციულ დაწესებულებას, გაფრთხილების ნაცვლად, პირველ შემთხვევაშივე დააჯარიმებენ - მოქალაქეს 150 ლარით, კომერციულ დაწესებულებას - 1500 ლარით (იზრდება 3-ჯერ);
  • ხელმეორედ მსგავსი დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით (ახლა 300 ლარია), ხოლო ორგანიზაცია 5000 ლარით (ახლა 1000 ლარია) დაჯარიმდება;
  • თუ ხმაურზე დაწესებულ შეზღუდვას მოქალაქე მესამედ დაარღვევს, 1000 ლარით დაჯარიმდება. ორგანიზაციის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 10 000 ლარი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, სხდომაზე თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა დაწესებულებების მფლობელებს სანქციის დაკისრება ურჩევნიათ (მისი სიმცირის გამო), ვიდრე პრობლემის აღმოფხვრა. დამატებით, პარტია "ქართული ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ როცა კანონმდებლობა სამართალდარღვევის პირველად ჩადენისთვის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, პრობლემა არ სწორდება.

"შესწავლილი ჰქონდათ [კანონმდებლობა] გარკვეულ პირთა ჯგუფს... იმ ნაწილში, სადაც არის განთავსებული ბარები, რესტორნები და ტურისტული ლოკაციებია, იქ და მომიჯნავე მხარეებში ცხოვრება შეუძლებელია... ერთი მხრივ, იყო რეგულაცია, მეორე მხრივ - ვერ იცავდა ადამიანებს... აღმოჩნდა, რომ [დაწესებულებების ნაწილში] იცვლებოდა პასუხისმგებლობის ამღები პირები, იძახდა, რომ "მე ვქენი, მე ჩავრთე ეს მუსიკა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S