Accentnews.ge
საზმაუს ხელმძღვანელები დეპუტატებს შეხვდნენ: “შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება”

საზმაუს ხელმძღვანელები დეპუტატებს შეხვდნენ: “შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება”

20/11/2023 05:25:57 პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მაუწყებლის დაფინანსების ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს.

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე შეხვდნენ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გენერალური დირექტორი და მე შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის თავმჯდომარეს. დეტალურად გავიარეთ მაუწყებლის დაფინანსების საკითხი. სრული მზაობა იყო და ნამდვილად კმაყოფილები ვართ – უპირობოდ შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება, ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც მის დამოუკიდებლობას შეეხება. არსებულ მოდელს მომავალში, შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდეს. ამიტომ შევთანხმდით, რომ მუშაობა გაგრძელდება და მივალთ ოპტიმალურ მოდელამდე. გადავალთ სამუშაო ვითარებაში, კიდევ შევხვდებით, ჩაერთვებიან ფინანსისტები. არის მზაობა, რომ გაგრძელდეს მუშაობა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესი, რომელიც იყო განხილული, უნდა გადაიხედოს და გახდეს უფრო მდგრადი, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა, ამაზე გვაქვს სრული თანხმობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, დროულიც. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ დაფინანსების წესი უნდა გადაიხედოს და იყოს უფრო მდგრადი, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ამაზე გვაქვს სრული თანხმობა.

ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ქვეყნისთვის ადეკვატური დაფინანსება არსებობდეს. სასაუბროა მოდელზე, რომლითაც შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენთვის თავიდანვე ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ ფიქსირებული თანხა საზოგადოებრივ მაუწყებელს აიძულებდა, ყოველწლიურად ეთხოვა დამატებითი ბიუჯეტი. ეს მოდელი აღარ იქნება განხილული და გადავალთ ცვლადზე, რომელიც იქნება ადეკვატური დაფინანსების წყარო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

შევთანხმდით იმაზეც, რომ, პირველ რიგში, დაცული იქნება ევროპის მაუწყებელთა კავშირის და, ზოგადად, ევროპის ზონაში არსებული წესები და რეგულაციები. სწორედ ამ სტანდარტზე დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებელი“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას, დღეს მოქმედი კანონით, თითქმის 15 წელია, მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება მშპ-ს პროპორციულად იზრდება.

მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მილიონ ლარს, უკვე 2023 წელს მაუწყებელმა 101 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მილიონის გამოყოფა.

წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S