Accentnews.ge
სააკაშვილი – თანაპარტიელებს: შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს

სააკაშვილი – თანაპარტიელებს: შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს

20/11/2023 09:31:40 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ ისაუბრა. მან სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს, რომელზეც ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება, მათ შორის არაფორმალური მმართველობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება ახსენა.

"შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ", – მიმართა სააკაშვილმა თანაპარტიელებს.

მისი თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეცდომა თუკი იქნა დაშვებული, იქნას აღმოფხვრილი".

"მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას, რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის", – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება ადრეა. სწორედ ამ კონტექსტში მან საკუთარ თავზე ისაუბრა:

"ისმოდა ხშირად, რომ პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. ჯერ არის ძალიან ადრე, ჩემო მეგობრებო. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად ბევრი ხალხისთვის მისაღები კანდიდატი, რადგან ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ - პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა სიაში მყოფ ადამიანებს".

სააკაშვილი შეეხო პარტიაში არაფორმალურ მმართველობის შესახებ გაჩენილ კითხვებს:

"როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე - მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს, თუ ჩემს არაფორმალურ მართველობაზეა საუბარი, მე იმ პირობებში აღმოვჩნდი, როგორც აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით. ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს".

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან პატიმრობაშია. მისი ციხეში ყოფნის დროს შეიცვალა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილი მუშაობს. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და თანამდებობის დატოვება მოუწიათ ძველ კადრებს. ნიკა მელია ღიად საუბრობს "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S