ხატია დეკანოიძე: ოპოზიციის ამოცანაა, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას
20/11/2023 08:46:20 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ამოცანაა, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას.
მისი თქმით, ნებისმიერი კონფიგურაცია და ახალი ალტერნატივა ოპოზიციურ ველზე უნდა ასახავდეს მოქალაქეთა ნებას.
„ბოლო გამოკითხვაც ამას აჩვენებს, მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ განწყობაზეა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც "ქართული ოცნების" პირობებში წარმოუდგენელია. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის, რომ რაც შეიძლება დემოკრატიული იყოს პარლამენტი. მათ იციან, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალიან სწრაფად, მალე და ეფექტურად შეიკვრება, ამიტომ მათი ინტერესია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" იყოს პარლამენტში. პოლარიზაციის ხარისხიც ასევე პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ინტერესია. ბარიერით თუ ბარიერის გარეშე, ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ჩვენ უნდა მივიღოთ იმდენი ხმა, რამდენიც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ ნებისმიერი კონფიგურაცია, ახალი ალტერნატივა უნდა იყოს სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე დაფუძნებული",- განაცხადა დეკანოიძემ.


