მინისტრი – რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტზე: აბსოლუტურად უსაფუძვლოა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა, სათანადო არ იყო
20/11/2023 12:23:33 პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ უწყებასთან მიმდინარე პროტესტი "აბსოლუტურად უსაფუძვლოა".
მისი თქმით, "მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა, სათანადო არ იყო".
„ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ პროტესტს სამინისტროსთან, რომელზეც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს. არსებობს კითხვა, რომ თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტოს უკანონოდ გასცა ლიცენზია. მე მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში, საჯარო აუქციონის წესით გაიცა ლიცენზია კონკრეტულ კომპანიაზე. და ამ პროცესს მანამდე თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს facebook-გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ანუ პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და არსებული კანონმდებლობის შესაბამისი. შეიძლება, ჩვენ ვისაუბროთ, რომ საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შესაძლოა, არ იყო სათანადო და უფრო მეტი იყო სასურველი, თუმცა ჩვენ ამაზე ყოველთვის მზად ვართ, რომ ვისაუბროთ, შემდგომ პროცესებში, კანონმდებლობის კუთხით დავხვეწოთ ის საკითხები, რომელიც შესაძლოა, უკეთესად შეიძლება, განხორციელდეს მომავალში. მაგრამ, მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, დაიცვა ყველა პროცედურა და კანონმდებლობის შესაბამისად, აბსოლუტურად საჯაროდ გამოაცხადა აუქციონი და გაიცა ლიცენზია”, – განაცხადა შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტყე გაიყიდა:
"არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის".
ამასთან, მან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ თავიან ოჯახებს დაუბრუნდნენ და გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას დაელოდონ:
„მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივი პროცესია და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი".
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას მოითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ცნობისთვის: გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია 18 ნოემბერიდან იმართება.
აქციის ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველები“ და პროტესტის სხვა მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს კარვის გაშლა სურდათ სამინისტროს ეზოში, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის, მარშალ გელოვანის გამზირის გადაკეტვაც სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებული იყო აქციის 11 მონაწილე:
"აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი“.
აქციის დროს დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან 19 ნოემბერს გაათავისუფლეს. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 29 ნოემბრისთვის გადადო. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო მოითხოვა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.
რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ პროტესტი გაგრძელდება.
მისი თქმით, აქციაზე დემონსტრანტების დაკავების ფაქტი დაშინების და პროტესტის განეიტრალების მცდელობა იყო.
"18 ნოემბერი ნათელი დადასტურებაა იმისი, რომ როცა არგუმენტი არ აქვს სამინისტროს, ხელისუფლებას, პოლიციას, როგორ იფარებს ფარად პოლიციას უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში უწერიათ, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას, ამ დროს პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი, რამდენად აგრესიული იყო - მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც ვფიქრობთ დაშინების მეთოდი და მცდელობაა, მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს. მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი გვაქვს საზოგადოებასთან, იქნებ გავერთიანდეთ, რომ მივიყვანოთ პროტესტი ბოლომდე და ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ასე ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროტესტი. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ, კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ. გადმოსული არიან ხელების გადაგრეხაზე, რადგან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი დანახვა არ სიამოვნებთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ. ამჯერად პროტესტი თბილისში გადმოდის და საპროტესტო კარვის გაშლას აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ცდილობენ.
„შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია. ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას ჯერ–ჯერობით ცხადი არაა.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, მათთვის არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.


