მინისტრი: არსებობს ყველა წინაპირობა, ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად
20/11/2023 13:00:30 პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.
„მინდა შევეხო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლო დღეები ვხედავთ პროცესს სამინისტროსთან, რომელიც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს. ეტაპობრივად მოგახსენებთ ამის თაობაზე, რატომ ვფიქრობთ ასე. თავდაპირველად, დავიწყებ, ლიცენზიის პროცედურით, არსებობს კითხვა, თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ გასცა ეს ლიცენზია. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც კონკრეტულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამ პროცესს თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი საჯარო იყო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ ქვეყანაში ამ საკითხს არეგულირებს“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისივე თქმით, ლიცენზიის გაუქმებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.
„ძალიან მალე, უმოკლეს დროში, ვფიქრობ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა იმის, რომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდეს. თუმცა ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც სააგენტო ახორციელებს და მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ინფორმაცია, ვინც ახლა სამინისტროსთან აპროტესტებს, სრულად აქვთ მიწოდებული. პროტესტი, როგორც ვიცი თვენახევრის წინ დაიწყო და ამაზე საუბარი ჩვენ მაისში დავიწყეთ, რომ ვალდებულებები არ სრულდება, რომ ჩვენ აქ დაცული ტერიტორიის შექმნაზე ვიფიქროთ“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ „სიცრუეა, თითქოს, ტყე გაიყიდა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის“.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივი პროცესია და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი“,- განაცხადა მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას მოითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ცნობისთვის: გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია 18 ნოემბერიდან იმართება.
აქციის ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველები“ და პროტესტის სხვა მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს კარვის გაშლა სურდათ სამინისტროს ეზოში, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის, მარშალ გელოვანის გამზირის გადაკეტვაც სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებული იყო აქციის 11 მონაწილე:
"აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი“.
აქციის დროს დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან 19 ნოემბერს გაათავისუფლეს. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 29 ნოემბრისთვის გადადო. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო მოითხოვა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.
რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ პროტესტი გაგრძელდება.
მისი თქმით, აქციაზე დემონსტრანტების დაკავების ფაქტი დაშინების და პროტესტის განეიტრალების მცდელობა იყო.
"18 ნოემბერი ნათელი დადასტურებაა იმისი, რომ როცა არგუმენტი არ აქვს სამინისტროს, ხელისუფლებას, პოლიციას, როგორ იფარებს ფარად პოლიციას უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში უწერიათ, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას, ამ დროს პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი, რამდენად აგრესიული იყო - მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც ვფიქრობთ დაშინების მეთოდი და მცდელობაა, მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს. მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი გვაქვს საზოგადოებასთან, იქნებ გავერთიანდეთ, რომ მივიყვანოთ პროტესტი ბოლომდე და ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ასე ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროტესტი. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ, კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ. გადმოსული არიან ხელების გადაგრეხაზე, რადგან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი დანახვა არ სიამოვნებთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ. ამჯერად პროტესტი თბილისში გადმოდის და საპროტესტო კარვის გაშლას აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან ცდილობენ.
„შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია. ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას ჯერ–ჯერობით ცხადი არაა.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, მათთვის არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.


