შალვა პაპუაშვილი – თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია
22/11/2023 08:19:51 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია.
„რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ამ საკითხზე რეაგირება რაც არის ჩვენი მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. [...] რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა სხვანაირია, ვიდრე რამდენიმე ევროპარლამენტარის თუ მთლიანად ევროპარლამენტის, ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ მკვლელობის გამოძიება. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია ამ დროს მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში ერთი, რომ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო - საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას და მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამოძიება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
22 ნოემბერს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოითხოვა.
ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


