ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას "მოღალატეობრივს" უწოდებს
22/11/2023 11:01:29 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას "მოღალატეობრივს" უწოდებს.
„ზოგადად, როცა ვიღაცას სანქციებს უწესებ, უნდა დააზიანო სხვა. სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას? რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას. ეს არის ამ „ომის პარტიის“ და „ღალატის პარტიის“ მთავარი მიზანი, რომ რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და „ლელოც“ არის ერთ-ერთი გამოხატულება. როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით, 150 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს პირველივე წელს და ამ ინიციატივას პარლამენტში წარადგენ, უბრალოდ მოღალატე ხარ და მეტი არაფერი. რა დავარქვა მეტი ამას?!“ - განაცხადა კობახიძემ.
რას ითვალისწინებს “საქართველოს დაცვის აქტი“
21 ნოემბერს “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. რეზოლუციის პროექტი 9 პუნქტისაგან შედგება:
- "სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისათვის - საქართველო ერთადერთი ოკუპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოკუპანტებმა პრაქტიკულად იგივე უფლებებით სარგებლობენ, რითაც ჩვენი მოქალაქეები. უვიზო რეჟიმის დასრულებით „ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია რუსეთის მოქალაქეების შემოსევა საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ღია ტურისტებისთვის და არა ოკუპანტებისთვის.
- დასაქმების ბაზრის დაცვა. დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმაც ქართველები ჩვენსავე ქვეყანაში შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მეორე პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისათვის მუშაობის უფლების მიცემას.
- მიწის გაყიდვის შეზღუდვა. არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს შემოვიდეს და თავისუფლად იყიდოს ჩვენი მიწები. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტის“ მესამე პუნქტი მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.
- რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა. „საქართველოს დაცვის აქტი“ აკრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლას. ასეთი კანონმდებლობა უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.
- რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა. ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული არ უნდა აღმოჩნდეს რუსების ჯიბეში. შესაბამისად, „საქართველოს დაცვის აქტი“ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავს. დროა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ რუსების გამდიდრება. ლელოს უნდა, რომ საქართველოს ფული ქართველების ჯიბეში მიდიოდეს.
- რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება. ჩვენ გვსურს ყველა მუნიციპალიტეტში დავაწესოთ “საოკუპაციო მოსაკრებელი“ ეს იქნება მოსაკრებელი, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ რუსულ ბიზნესს მოუწევს, მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება
- ფრენების აკრძალვა. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რადგან ეს ფრენები ემსახურება რუსეთის მოქალაქეების კომფორტს და არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან.
- რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა. აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა საქართველოში.
- რუსული ფონდების აკრძალვა. აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან".


