გოცირიძემ გაარკვია, რომ საქართველოში "ჩიპიან პასპორტში" "ეშმაკების, ურჩხულების და ჭინკების" არსებობის არ სჯერათ
24/11/2023 14:29:29 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაუზიარა საკუთარი "კმაყოფილების" მიზეზი.
„დღევანდელი შეხვედრიდან პირადად ჩემთვის გამოვიტანე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო დასკვნა: თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც არ უნდა ჩიპიანი პასპორტის აღება, რომელსაც ჰგონია, რომ ამ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი",– თქვა გოცირიძემ.
დეპუტატმა შეხვედრაზე მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ 64– მა მოქალაქემ განაცხადა ე. წ. რელიგიური მოსაზრებით ელექტრონული მოწმობის აღებაზე უარი და სავარაუდოდ, მხოლოდ 600 კაცი შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც აშინებს "ჩიპში ურჩხულები".
"ეს არის კარგი შედეგი და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმის გამო, რომ მათ პირადობის მოწმობა ვერ გამოცვალეს მრავალი მიზეზის გამო. ერთია ის, რომ ფული არ აქვთ, ასევე 2011 წლამდე უამრავი ჩვენი მოქალაქე გავიდა უცხოეთში და ამიტომ მივიღეთ მთავარი გადაწყვეტილება – ადამიანს ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, პენსიონერს მივიდეს რაიონულ ცენტრში ან სადმე და გადაიხადოს ფული, მიუტანენ სახლში. სოფლის ცენტრში მივა მანქანა წინასწარ განსაზღვრული სიით, უფასოდ, ყველა მიიღებს პირადობის მოწმობას. 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება, ვინაიდან 2011 წელს შემოვიდა უკვე ჩიპიანი პირადობა. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ახლა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კამპანია მედიით, ყველა მიმართულებით და ვისაც არ შეუძლია, ოჯახში უნდა მიუტანონ პირადობის მოწმობა,"- განაცხადა გოცირიძემ.


