სამადაშვილი: ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დეოლოგარქიზაციას, ანუ თვითლიკვიდაციას მოახდენს
28/11/2023 08:07:38 პოლიტიკა
დეპუტატს "ლელოდან" სალომე სამადაშვილს არ სჯერა, რომ ხელისუფლება შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, მათ შორის, დეოლიგარქიზაციას. ხოლო თუ რეალურად სურს მმართველ ძალას, პირობების შესრულება, რაც აუცილებელია ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის, სამადაშვილი სთავაზობს, „ლელოს“ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყოს.
„ლელო“ დიდი ხანია კონსტრუქციულად არის ჩართული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაში, ეს აისახება იმაში, რომ ჩვენს მიერ გასული წლის მანძილზე დაინიცირებულია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსულმა ხელისუფლებამ დღის წესრიგშიც კი არ შეიტანა. რუსულმა ხელისუფლებამ ჩააგდო ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულება და ამიტომ არის დღეს წარმოდგენილი პირობებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი. ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლოგარქიზაციას მოახდენს ანუ თვითლიკვიდაციას, ამიტომ რუსული ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა. ჩვენ მივიღეთ სტატუსზე დადებითი დასკვნა ევროკომისიისგან მიუხედავად მათ მიერ ჩაგდებული მოთხოვნებისა. „ლელოს“ გზავნილი არის მარტივი, ჩვენ დაინიცირებული გვაქვს ევროკავშირის მოთხოვნის შესასრულებელი ინიციატივები პარლამენტში, დაიწყონ ამ ინიციატივების განხილვა, ეს არის გზა ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.


