მუმლაძე: ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს
28/11/2023 10:05:31 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი მუმლაძე მიიჩნევს, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ რიტორიკაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.
„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების აუცილებლობაზე დავიწყე საუბარი. ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით დადებითი შედეგები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემი პოზიცია მქონდეს შექმნილ ვითარებაზე. სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები პარტიის კონსოლიდაციას, ჩვენს თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას არ ემსახურება, ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას და პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ არც ერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს, ან პარტია შესუსტდეს", – აცხადებს მუმლაძე.
მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ხაბეიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულზე პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვებაა, რის შემდეგაც მოიწვევენ მასშტაბურ ყრილობას და ღიაობის პრინციპების დაცვით და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გათვალისწინებით, პოლიტსაბჭო ხელახლა დაკომპლექტდება ბრძოლისუნარიანი ადამიანებით:
"ეს პოლიტსაბჭო აირჩევს, როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს. მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ, პოლიტსაბჭო წარმართავს საქმიანობას, ეს იქნება რეალურად კრიზისის დაძლევის მექანიზმი, ვინაიდან ჩვენ დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით. ყველა ის განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ წარმომადგენელი ჰყავს პარტიის მართვაში და ამ შემთხვევაში, მძიმე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, პირველი, ლევან ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა ამ 9 თვის განმავლობაში რეალურად პარტიის ვერ გაძლიერებაზე, მეორეს მხრივ, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რომ ნებისმიერი პრივილეგია, თანამდებობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც რეალურად ჩვენ გვეკისრება, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაწილში.
აქვე დავძენ, ჩვენ, ყველანი მზად ვართ, ვიბრძოლოთ რეჟიმის დასამარცხებლად, ეს უნდა იყოს მთავარი მოტივატორი და არა პირადი პრივილეგია, ეს არის ჩემი შეთავაზება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. მივმართავ ჩემ მხარდამჭერებს, მეგობრებო, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ღირსეულად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ასეთი დემოკრატიული ჩართულობით, დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით პარტიაში, ერთად დავსხდეთ და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვეში, პარტიის ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ“, - განაცხადა მუმლაძემ.


