ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ
28/11/2023 12:16:11 პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მოქმედ მენეჯმენტს აკისრებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს. მათი განცხადება სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ფეისბუქ–გვერდზე ვრცელდება.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები, ჯამში 17 პირი.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფარქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11- დან 10 წევრიც:
"დღეს, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა.იმისთვის რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგელობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო. ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფარქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11- დან 10 საკრებულოს წევრი".
ამასთან, განცხადება გაავრცელა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხუთივე წევრმა:
"პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება.
პარტიის თავმჯდომარე პრომლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს".
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს დღეს გადადგომისკენ მოუწოდა ენმ-ის წევრმა, თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემაც.


