არჩევნები 2025 წლის იანვრამდე არ იქნება: ენმ-ში ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას უარით პასუხობენ
28/11/2023 13:43:14 პოლიტიკა
ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას და ახალი არჩევნების დანიშვნას უარით პასუხობენ.
არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე,– თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
მან პარტიის წესდებაზე გაამახვილა ყურადღება:
„განსაკუთრებულად, პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაში არჩევნები, თავმჯდომარის არჩევნები პირველ რიგში არის ჩანიშნული დაახლოებით ერთ წელიწადში – 2025 წლის იანვარში. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა 2 წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს – 13-14 თვე დარჩა იქამდე".
იხილეთ ასევე: ენმ – მუმლაძის მოთხოვნაზე: "ეხლა არ არის პარტიული ყანყალის დრო"
ანალოგიური განცხადება გააკეთა პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამაც:
"ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს და ემზადებოდეს გეოპოლიტიკური უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ ამ ადამიანების ლოგიკით? – ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. ამ თემის მუდმივი პედალირება მობეზრდა ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაყურებელს, ამომრჩეველს, სიამოვნებას იღებს მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არ განიხილება და ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები ვერ ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ".
მანამდე ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრებმა ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს.


