Accentnews.ge
"ლელო" ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადოს

"ლელო" ილია დარჩიაშვილს მოუწოდებს, ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადოს

29/11/2023 08:02:19 პოლიტიკა

პარტია „ლელოს” საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა ესწრებოდეს ისეთ სხდომებს, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ესწრება.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება, მას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო ანტირუსული გზავნილები და ბოიკოტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სხდომის დატოვებით გამოიხატოს.

„არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს დაესწროს ეუთოს სხდომას სერგეი ლავროვთან ერთად. ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი რამდენიმე დღეში მაკედონიაში გაიმართება. მას ესწრება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. პროტესტის ნიშნად, სხდომას ბოიკოტს უცხადებენ უკრაინის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები. მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის მოსპობას. ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში. მაგრამ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერ მინისტრი სულ ცოტა ხნის წინ. დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, დარჩიაშვილს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ქართველთმოძულე ლავროვან ერთად. კატეგორიულად მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე! ოკუპანტი ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახავია!” - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს.

„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა.

სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო–ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავა.

ბულგარეთმა, რომელიც ევროკაშირის წევრი ქვეყანაა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა ჩავიდეს.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S